მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: ვაჭრობის დინამიკა (აგვისტო, 2020)

5f6fa099e5de6
ეგნატე შამუგია
28.09.20 11:30
2098
• იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 14.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 14.8%-ით. აგვისტოს მდგომარეობით, ექსპორტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, ხოლო იმპორტი კი - უცვლელი.
• იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი რეგიონის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან საშუალოდ 33.1%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ზრდა მხოლოდ ბულგარეთში იყო, რამაც 13.4% შეადგინა.
• მიმდინარე წლის 8 თვეში, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის შემცირება ყველაზე დიდი ნიშნულით მარტსა და აპრილში დაფიქსირდა.
• აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით რეგიონის ძირითად საექსპორტო ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტი 4.0%-ით გაზრდილია, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით კი 14.7%-ით ნაკლებია.

ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა, რაც წინა წლებშიც თვალსაჩინო ნიშნულს იკავებდა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდას დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობას შეეხო, რომლის შედეგი - ზრდაში ამ უკანასკნელის უარყოფითი წვლილია. მიმდინარე წლის I კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც მომდევნო თვეებში საქართველოს ექსპორტის პერსპექტივას გააუმჯობესებს. მიმდინარე პერიოდისთვის კი, ამ უკანასკნელის ფასი საშუალოდ 40 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულზე 23 აშშ დოლარით ნაკლებია.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.6%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 48.6%. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 39.0%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომლის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტირება ხდება. რეექსპორტის გარეშე, ამ ქვეყნებში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 19.5% თამბაქოს პროდუქციაა, ხოლო 11.4% კი - სამკურნალო საშუალებები (რეექსპორტის გარეშე). სომხეთში კი ძირითადად სპირტის (4.5%), სამკურნალო საშუალებების (4.3%) და ციანიდების (4.1%) ექსპორტი ხორციელდება.

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის I ნახევარი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განსხვავებით გასული წლებისა, მიმდინარე წელს ექსპორტში ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, რეგიონიდან საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3-ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.7%-ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ.ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის ექსპორტი 31.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 30.0%-ით. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში 83.2%-იანი სწორედ რუსეთის წილია. მიმდინარე წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წლის იანვარ-ივლისში რუსეთის ექსპორტი 23.8%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 7.7%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სომხეთის ექსპორტი 6.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 12.4%-ით. ბოლო თვეებში სომხეთის საგარეო ვაჭრობა გაუმჯობესებულია.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეოთხე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-ივლისში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.5%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 12.8%-იანი კლება იყო. ხოლო, რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). მიმდინარე წლის იანვარ-ივლისი კი უკრაინის ექსპორტი 7.4%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 14.7%-ით ნაკლებია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ასეთი კი მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთის ექსპორტის 1.7%-იანი ზრდაა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.6%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 14.2%-იანი კლებაა, ხოლო იმპორტის კი 14.8%. აღნიშნული კი იანვარ-ივლისთან და წინა თვეებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 14.7%-ით. ივლისში კი ექსპორტის 14.4%-იანი კლება იყო. ამდენად, აგვისტოში როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კუთხით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა, მისი მოცულობიდან გამომდინარე ყველა თვალსაჩინო აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთში იყო. შემცირება აზერბაიჯანი და სომხეთის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება აგვისტოში 11.9%-ით შემცირდა. ივლისში კი ექსპორტის კლება 32.2% იყო. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანში ექსპორტის 11.1%-იანი კლებაა. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთთან, სადაც ამავე პერიოდში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 43.8%-ით ნაკლებია. აგვისტოში კი ექსპორტი კიდევ უფრო მეტით შემცირდა, ვიდრე წინა თვეებში. კერძოდ, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით სომხეთში 54.6%-ით შემცირდა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 21.5%-ით შემცირდა. აღნიშნული იანვარ-ივლისის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან აგვისტოში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 3.9%-ით გაიზარდა. აგვისტოში ექსპორტი არამარტო რუსეთში, არამედ ბულგარეთშიც გაიზარდა, სადაც ექსპორტი გასულ თვეებშიც იზრდებოდა. ამ ქვეყანაში კი საქართველოდან ძირითადად სპილენძის მადნების რეექსპორტი ხორციელდება. თუმცა, ევროკავშირის წევრ რუმინეთში ექსპორტი ყველაზე მეტით მცირდებოდა. იანვარ-აგვისტოში ექსპორტის 87.6%-ითაა შემცირებული. ამავე პერიოდში, საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 27.0%-ით შემცირდა, რაც წინა თვეებში უფრო მეტით იყო შემცირებული.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც ექსპორტის შემცირების ნიშნული თვალსაჩინოა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (10.1%), უზბეკეთში (31.4%), ყირგიზეთში (76.9%) და ყაზახეთში (35.4%) შემცირდა. 2020 წელს I ნახევარში აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურებამ მთლიან ექსპორტის 10.5%-ს შეადგენდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - საქონლის სახეები

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები (17.3%), ფეროშენადნობები (8.0%), ყურძნის ღვინოები (5.9%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (4.6%) და მინერალური წყლებია (3.5%). ჯამში, ეს ხუთი საექსპორტო საქონელი მთლიანი ექსპორტის 39.4%-ს იკავებს, რაც მიმდინარე წლის I ნახევარში 42.3%-ია. აღნიშნული საქონლის გატანა კი უმეტესად რეგიონის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ხდება. ხსენებული პროდუქცია არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ ისტორიულად უმსხვილესი საექსპორტო საქონელია, რაც ადრეული პერიოდიდან სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.

გრაფიკი 6: საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი, თვეების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხუთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ოთხის ექსპორტი შემცირებულია. მათგან მხოლოდ სპილენძის მადნების ექსპორტია გაზრდილი. კერძოდ, ამ პერიოდში ზრდა 7.2%-ია, რაც მეტწილად რეექსპორტს წარმოადგენს. საქართველოდან სპილენძის მადნების რეექსპორტი ძირითადად ბულგარეთში ხორციელდება, რომელსაც ამ პროდუქტის მთლიან ექსპორტში დაახლოებით 40.5%-იანი წილი უჭირავს.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში პროცენტულად ყველაზე დიდი შემცირება დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ნაწილშია, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ უკანასკნელის ექსპორტი 53.4%-ით შემცირდა. რიგით მეორე უმსხვილესი საექსპორტოს საქონელი - ფეროშენადნობები ივლისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29.7%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში მინერალური წყლების ექსპორტი 21.1%-ით და ღვინის 8.6%-ითაა ნაკლებია. აღნიშნული პროდუქცია კი ადგილობრივი ექსპორტის ნაწილია და ძირითადად რუსეთის ბაზარს იკავებს.

მიმოხილვის შეჯამება

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგები საგარეო ვაჭრობასა და ამ უკანასკნელის წვლილზე აისახა. საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს. მათგან კი პირველი სამი ქვეყანა უშუალოდ მეზობელი - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა, ძირითადი სავაჭრო რეგიონი არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ნავთობის ფასებს უკავშირდება. ამდენად, მიმდინარე წელს რეგიონის სავაჭრო მაჩვენებლების გაუარესება არამხოლოდ პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასაც უკავშირდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 14.2%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში ექსპორტის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამავე პერიოდში, იმპორტი 14.8%-თაა შემცირებული. ამდენად, აგვისტოს მდგომარეობით სავაჭრო ბრუნვა 14.6%-ით შემცირებულია, ხოლო უშუალოდ აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, სავაჭრო დეფიციტი 73.5 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.