მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: ვაჭრობის დინამიკა (დეკემბერი)

6018952bbfd19
ეგნატე შამუგია
03.02.21 09:20
1324

ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა, რაც წინა პერიოდშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდას დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობას შეეხო, რომლის შედეგი - ზრდაში ამ უკანასკნელის უარყოფითი წვლილია. მიმდინარე წლის I კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო II კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინების შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა, თუმცა მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რამაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა, რადგან გვიან შემოდგომაზე საქართველომ და მათ შორის, რეგიონის სხვა ქვეყნებმა მკაცრი შეზღუდვები კვლავ აამოქმედეს. ეს კი ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ შემცირებაში აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების კუთხით მდგომარეობა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოსწორდა, ადრეულ შემოდგომაზე პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაემატა, რაც 47 დღე გაგრძელდა. ცხადია ომს ყველა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა იქონია, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია. სადაც, 2020 წლის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონლის სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომელის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ეკონომიკებისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. რეექსპორტის გარეშე, ამ ქვეყნებში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8% -ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის ექსპორტი 10.4% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 37.6%-ით. მთლიანი წლის მანძილზე კი ექსპორტის 11.5%-იანი და იმპორტის 36.2%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც დეკემბერში ექსპორტის მხრივ მდგომარეობის გაუარესებას მიუთითებს. ეს კი ევროპის რიგ ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრებას და ნავთობზე მოთხოვნის კლებას უკავშირდება. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთის ექსპორტი 22.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი 6.7%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.9%-იანი კლება იყო. ხოლო, რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში კი უკრაინის ექსპორტი -3.5%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 12.9%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. გასული წლის ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვეებთან შედარებით, უკრაინის საქონლით ვაჭრობის ბრუნვა გაუმჯობესებულია.

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 8.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 3.5%-ით გაიზარდა. საქართველოს მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში სომხეთის ექსპორტი -5.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 15.9%-ით. ხოლო, ექსპორტის წლიური მაჩვენებელი კი 3.9%-ითაა შემცირებული. ამავე პერიოდში, იმპორტის კლება 17.7%-ია. ამდენად, წლის ბოლოს სომხეთის ექსპორტი გაუმჯობესდა, ხოლო იმპორტი კი, პირიქით.

საერთო ჯამში, 2020 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთშია, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.0%-ით შემცირდა, რაც წლიურად 13.7%-იანი კლებაა. გასული წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება. თავის მხრივ, დეკემბერში ორივე - ექსპორტიც და იმპორტიც უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს იანვარ-ნოემბერში. ამ პერიოდში, ექსპორტის 10.7%-ით იყო შემცირებული, რაც იანვარ-დეკემბერში 12.9%-მდეა გაზრდილი. ხოლო, 2020 წელს საქართველოს იმპორტი, წინა წელთან შედარებით, 13.9%-ით ნაკლებია.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა, მისი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე თვალსაჩინო აზერბაიჯანსა და სომხეთშია. ეს კი ამ ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება დეკემბერში 25.5%-ით შემცირდა, ხოლო წლის მანძილზე კი ექსპორტის 13.2%-იანი კლებაა. აზერბაიჯანში ექსპორტის კლება ძირითადად გასული წილი მეორე და მეოთხე კვარტლებს უკავშირდება, როცა ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება ყველაზე მეტით მცირდებოდა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სომხეთის შემთხვევაში, სადაც 2020 წელის მანძილზე ექსპორტის ღირებულება ყოველთვე საშუალოდ 52.2%-ით მცირდებოდა, ხოლო დეკემბერში კი - 62.9% იყო. მთლიანი წლის განმავლობაში კი, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან სომხეთში განხორციელებული საქონელი და მომსახურების ექსპორტის ღირებულება 56.6%-ით ნაკლებია. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის შემცირება დიდწილად სომხეთის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორიც. ეს კი სომხეთის მიერ ავტომობილების იმპორტზე საბაჟო წესების და ტარიფების გამკაცრებაა. გამკაცრება კი საქართველოდან ამ უკანასკნელში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე უარყოფითად აისახა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეგიონის ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიდან რუსეთი ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც ექსპორტი ჯერ კიდევ აგვისტოდან იზრდებოდა. გასული წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 3.1%-ით გაიზარდა, რაც სექტემბერში 31.0%-ს აღწევდა. მიუხედავად წლის ბოლოს ექსპორტის ზრდის ტენდენციისა, 2020 წელს რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებაა 11.2%-ითაა შემცირებული. რუსეთში ექსპორტის კლება თებერვალ-ივნისს უკავშირდება. წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტის დადებითი დინამიკით არამარტო რუსეთი, არამედ ბულგარეთიც გამოირჩევა. ამ ქვეყანაში ადგილობრივთან ერთად სპილენძის მადნების რეექსპორტი ხორციელდება, რომელიც ძირითადი საექსპორტო საქონელია. გასული წლის დეკემბერში ბულგარეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 6.7%-ით მეტი იყო, ვიდრე ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2020 წელს საქართველოდან ბულგარეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტი 10.0%-ითაა გაზრდილი. ექსპორტის ზრდის კუთხით რეგიონის ქვეყნებიდან ბულგარეთი გამონაკლისი არ არის, რადგან ასეთივე მდგომარეობაა ბელარუსთან, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 6.7%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ბელარუსში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი კი მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ღვინო და ფეროშენადნობებია.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, 2020 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც ექსპორტის შემცირების ნიშნულები თვალსაჩინოა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (5.8%), უზბეკეთში (18.0%), რუმინეთში (88.5%) და ყაზახეთში (28.9%) შემცირდა. რაც შეეხება კიდევ ერთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას, უკრაინას, მსგავსად რუსეთისა, წლის მეორე ნახევარში ექსპორტის ზრდის დინამიკა იყო, მაგრამ საერთო ჯამში გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 13.4%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს არსებული.

მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ "დიდმა ჩაკეტვამ", რამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა.


<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>