მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: ვაჭრობის დინამიკა (მარტი, 2021)

60927b2f330ae
ეგნატე შამუგია
06.05.21 09:45
1305
ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. წმინდა ექსპორტის წვლილი წინა წლების ზრდაშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. 2020 წელს პანდემიის გამო დაწესებული დიდი ჩაკეტვა კი საგარეო ვაჭრობაზე დრამატულად აისახა, რომლის უარყოფითი წვლილი გასული წლის კლებაში თვალსაჩინოა. 2020 წლის პირველ კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში კი - 7.8 პ.პ., როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 5.5%-იანი კლება იყო, სადაც წმინდა ექსპორტს 16.9 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. რაც შეეხება 2020 წლის ბოლო კვარტალს, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, სადაც წმინდა ექსპორტის წვლილი 5.6 პ.პ. იყო.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან რეგიონიდან საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ეკონომიკის, დაახლოებით, ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. ევროპის ქვეყნებში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტების ფასები და მოხმარება გაზრდილია, რაც რეგიონზე დადებითად აისახება. მიმდინარე წლისთვის კი საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ამავე პერიოდში, საგარეო ვაჭრობის მხრივ - ექსპორტის 9.3%-იანი და 4.3%-იანი ზრდები.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონლის სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომელის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევში მსუბუქი ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირება მხოლოდ ეკონომიკურ კრიზისს არ უკავშირდება, რადგან სომხეთმა გასული წლის დასაწყისიდან ევროპიდან და ამერიკიდან ავტომანქანების იმპორტზე ტარიფები გაზარდა, რაც საქართველოს ამ უკანასკნელის რეექსპორტზე უარყოფითად აისახა. რეექსპორტის გარეშე, ამ ორ ქვეყანაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი - თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8%-ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ.ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. გასულ წელს აზერბაიჯანის ექსპორტი 11.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 36.2%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 10.6%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის 9.8%-იანი კლებაა. ეს კი იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტის მხრივ გაუარესებული შედეგია, რადგან ამ პერიოდში ექსპორტი 9.1%-ით იყო შემცირებული, მაგრამ იმპორტი - 12.9%-ით. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია, თუმცა აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წელს რუსეთის ექსპორტი 21.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 5.8%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. 2021 წლის ინავარ-მარტში კი რუსეთის ექსპორტი 5.4%-ითაა შემცირებული. ამ ფონზე კი იმპორტის გაზრდილია. კერძოდ, იანვარ-თებერვალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი 7.9%-ით გაიზარდა.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2021 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების რეექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. აღნიშნული პროდუქციის საქართველოში იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება და შემდეგ ბულგარეთში რეექსპორტირდება. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. გარდა, ევროკავშირისა, ბულგარეთის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. გასულ წელს ბულგარეთის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.6%-იანი კლება იყო. 2021 წლის იანვარ-მარტში თებერვალში ექსპორტის 1.7%-იანი კლებაა, ხოლო იმპორტის - 2.0%-იანი. რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). 2020 წელს კი უკრაინის ექსპორტი 1.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 11.0%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. მიმდინარე წელს უკრაინის სავაჭრო მაჩვენებლები შედარებით უკეთ გამოიყურება, რადგან იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი 4.5%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტის ზრდამ 0.5% შეადგინა.

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, 2020 წელს ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 4.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თურქეთის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი თურქეთიდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 17.2%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 9.6%-ით. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. გასულ წელს სომხეთის ექსპორტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მიმდინარე წლის ინავარ-თებერვალში კი ექსპორტის 5.5%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის კი - 15.8%-იანი. რაც შეეხება იანვარ-მარტს, ამ პერიოდში სომხეთის ექსპორტი 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 8.7%-ით შემცირდა.

საერთო ჯამში, 2020 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთშია, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც, თუმცა მიმდინარე წლიდან ყველა ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელები გაუმჯობესებულია, რაც დიდწილად მარტის თვეს უკავშირდება. თავად მარტის თვეში სავაჭრო მაჩვენებლების ზრდა კი საბაზისო ეფექტითაა განპირობებული. კერძოდ, გასული წლის ამ პერიოდიდან რიგ ქვეყნებში შეზღუდვები დაწესებული იყო და ეკონომიკური აქტივობა შემცირებული. შესაბამისად, 2020 წლის მარტში სავაჭრო მაჩვენებლებიც შემცირებული იყო.


საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

გასული წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.3%-ით შემცირდა, რაც იანვარ-ნოემბერში 12.0%-იანი კლება იყო. გასული წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2021 წლის იანვარ-მარტში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 0.3%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 5.2%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელები იანვარ-თებერვალთან შედარებით გაუმჯობესებულია, რაც ნაწილობრივ საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება. მიმდინარე წლის ინავარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 10.7%-ითაა შემცირებული, სადაც იმპორტის 12.2%-იანი კლებაა, ხოლო ექსპორტის 6.8%. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სავაჭრო ბრუნვის 4.7%-იანი ზრდა იყო. მათ შორის, გასულ წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 5.3%-ით და იმპორტი 4.5%-ით იყო გაზრდილი.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იანვარ-მარტში ექსპორტის ზრდა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე თვალსაჩინო რუსეთისა და თურქეთში იყო. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 19.6%-ითაა გაზრდილი, რაც 109.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, იანვარ-მარტში ექსპორტის 40.1%-იანი ზრდა იყო, რამაც 75.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ ქვეყნებში ძირითადად ადგილობრივი ექსპორტი ხორციელდება, განსხვავებით ბულგარეთისა, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტის ღირებულება 28.7%-ით შემცირებულია. ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება აზერბაიჯანშიც შემცირდა. კერძოდ, ინავარ-მარტაში აზერბაიჯანში ექსპორტმა 104.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.4%-ით ნაკლებია. აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირება კი რეექსპორტს უკავშირდება, რომლის წილი მთლიან ექსპორტში მაღალია. გარდა აზერბაიჯანისა, ამავე პერიოდში კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანა - სომხეთთანაც ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდა. 2021 წლის პირველ კვარტალში სომხეთში ექსპორტი 18.6%-ით ნაკლები, 37.5 მლნ აშშ დოლარია. საქართველოდან სომხეთში ექსპორტის შემცირება იანვარ-თებერვალს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში 37.6%-იანი კლება იყო, თუმცა რეგიონიდან კიდევ ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან - უკრაინასთან მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 22.7%-ით გაიზარდა, რამაც 66.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, მარტის თვეში აღნიშნული 26.5 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 71.0%-იანი ზრდაა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იყო. აღნიშნულ პერიოდში, რუმინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 19.4%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუმინეთში სულ 6.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რომლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ექსპორტი იყო. უშუალოდ მარტის თვის ექსპორტმა კი 3.2 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, შედარებით მეტი, 4.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების ექსპორტი განხორციელდა ბელარუსში, რაც იანვარ-მარტის მდგომარეობით 9.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59.7%-ით გაზრდილია, რაც თებერვლის თვეში ექსპორტის 57.7%-იან ზრდას უკავშირდება.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფართო რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც გააჩნია. მათგან საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის უზბეკეთი და ყაზახეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 59.7%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, 16.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. უზბეკეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომლის ექსპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 8.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო.

იანვარ-მარტში ექსპორტი ყაზახეთშიც გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 9.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.1%-იანი ზრდაა. ყაზახეთში ექსპორტის ზრდა კი მარტში არსებულ 71.3%-იან ზრდას უკავშირდება. ამ ქვეყანაში ექსპორტი ადგილობრივი და რეექსპორტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზახეთში 1.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო ამავე პერიოდში 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.


მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია, თუმცა პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზეც მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითი გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ "დიდმა ჩაკეტვამ", არამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა. არც მიმდინარე წელი დაიწყო პოზიტიურად, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რასაც საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისიც დაემატა. მიუხედავად არასახარბიელო სტარტისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპისა, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით გაუმჯობესებულია.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლები იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.8% და 12.2%-ებით ნაკლები იყო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ცვლილების პროცენტული ნიშნულები საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან გასული წლის მარტში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უკვე შემცირებული იყო.