მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით დიაგონალური კუმულაციის პრინციპით ისარგებლებენ

5e4a4076a59b2
ინგა მურუსიძე
17.02.20 11:29
1326
უკრაინული, ან ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებული პროდუქცია, უკრაინაში ან ევროკავშირში ექსპორტისას ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით ისარგებლებს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარადგინა ოქმი, რომელიც საქართველოს და უკრაინას შორის შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პროფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის წევრობა იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას.

კერძოდ, ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირთან და ასევე ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე, მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით. საქართველო კი 2017 წლიდან არის ამ კონვენციის წევრი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პარლამენტში რატიფიცირებისთვის გაგზავნილ ოქმში ნათქვამია, რომ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმება ევროკავშირთან, შესაბამისად, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ზემოაღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული დიაგონალური კუმულაციის პრინციპით.

„ოქმის ძალაში შესვლის შემდგომ, შესაძლებელი იქნება უკრაინული და/ან ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ან ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით“, - ნათქვამია სარატიფიკაციო დოკუმენტში.
დოკუმენტს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.