მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ეკონომიკური ჰაბი და მნიშვნელოვანი ენერგოკონტრიბუტორი იქნება - ხუციშვილი

639da15d55fa3
გიორგი თოლორდავა
17.12.22 15:00
738
ევროკავშირი-კავკასიის ენერგოთანამშრომლობის შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო და ამ მიმართულებით გარკვეული ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. გარდა ამისა, საქართველო წინასწარი კვლევების 20 მლნ დოლარით დაფინანსებასაც გეგმავს.

„აღნიშნული პროექტის ინიციატორი არის სახელმწიფო, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო საქართველოს მთავრობამ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენ უკვე დაფინანსებული გვაქვს წინასწარი ე.წ. Feasibility Study - წინასწარი შესწავლა პროექტისა, რომლის საწყის ეტაპზე წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ინვესტიციებს უკვე ვახორციელებთ.

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმებულები ვართ უკვე, რომ გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც შავ ზღვაში უნდა ჩატარდეს, საქართველო დააფინანსებს 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და პარალელურად ვფიქრობთ, რომ როდესაც დასრულდება საბოლოო ვერსია გაანგარიშების და შესწავლის პროცესის, უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი იმპლემენტაცია. ამ კუთხით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ენერგეტიკული ჰაბიც რეგიონისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, კონტრიბუციის შემტანი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.