მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცე SEPA-ში გაწევრიანებას ცდილობს

626abb07b49c7
BM.GE
28.04.22 20:06
6583
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ქვეყანა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში - SEPA-ში - ცდილობს გაწევრიანებას. ამ მიზნით, დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბანკო გადარიცხვებში SEPA 2008 წელს დანერგა, ხოლო 2016 წლიდან მასში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების გაწევრიანდნენ. გადახდის ერთიანი სივრცე ევროპის მასშტაბით ფინანსური ტრანზაქციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი 2021 წლის მარტში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, გადახდის ერთიან სივრცეში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოდან ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება. 

"საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ის გაამარტივებს საბანკო გადარიცხვებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციას,"- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

"საქართველოს მიერ SEPA-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელი ნაბიჯებისა და კონკრეტული დადებითი შედეგების განსასაზღვრად, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანების კრიტერიუმებისა და სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დარგის ექსპერტების მიერ შემუშავებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი SEPA-ს ინსტრუმენტებისა და სტანდარტების, ქვეყნის SEPA-ში გაწევრების კრიტერიუმების, ასევე სქემაში ჩართულ პირებზე SEPA-ს პოტენციური გავლენის თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება,"- ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.