მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ფინანსური დახმარების უდიდეს ნაწილს მეოთხე კვარტლიდან მიიღებს

5eb59c8fe61e4
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 22:25
1140
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორების დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს 2020 წლის მეოთხე კვარტალში (ოქტომბერ-დეკემბერში) მიიღებს. ამის შესახებ განცხადება “ანალიტიკასთან” საუბარში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა გააკეთა.

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $201.3 მილიონის მოცულობის საბიუჯეტო დახმარება 6 მაისს მიიღო. ჯამურად კი ფონდისგან მისაღები დაფინანსების ოდენობა $448 მილიონი დოლარია. IMF-ის ინფორმაციით, სხვა დონორების მიერ გამოყოფილი დანარჩენი თანხები ძირითადად წლის ბოლოს გადმოირიცხება.

“ჩვენ ეს თანხა პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტს გადავეცით მაშინ, როცა ადრე - ეს თანხა საგადამხდელო ბალანსის მიზნებისთვის, განკუთვნილი იქნებოდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. მაგრამ ამჯერად, მთავრობის სურვილი შევასრულეთ და ეს თანხა პირდაპირ ბიუჯეტისკენ მივმართეთ.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობას სხვა დონორებისგანაც ექნება საკმარისი მხარდაჭერა - მაგრამ ამ მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი მეოთხე კვარტლიდან არის გათვალისწინებული, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ფულის საჭიროება მანამდეც დადგებოდა და საქართველოს მთავრობის თხოვნა გავითვალისწინეთ. ეს თანხა უკვე გაცემულია და შესაბამისად, მთავრობა თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს ამ ფულს იმის მიხედვით, თუ სად უფრო მეტად ხედავს ამ თანხების საჭიროებას. თუმცა, ჩვენ - საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ხარჯვის ორ მთავარ პრიორიტეტს ვხედავთ.

პირველი ცალსახად ვირუსის მართვას და ამ მიმართულებით ზომების გაგრძელებას ეხება ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის გზით - იმის გათვალისწინებით, რომ ეს პანდემიით გამოწვეული კრიზისია, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და მათი სიცოცხლის გადარჩენა უპირველესია, ამის გარეშე, არანაირი ეკონომიკური გაჯანსაღება არ იქნება,” - ამბობს სელიმ ჩაქირი.