მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

60aa18fe211e6
შოთა ტყეშელაშვილი
23.05.21 13:17
3176
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 12.92%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.

მსოფლიო ბანკის სტატისტიკა 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, მაშინ საქართველომ ფულადი გზავნილების სახით $1.73 მილიარდი მიიღო, პანდემიურ 2020 წელს კი გზავნილებმა რეკორდულ $1.88 მილიარდს მიაღწია. შესაბამისად შემდგომ რეიტინგში საქართველო გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების პირველ ოცუელშიც შევა.

მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტონგა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 37% სწორედ გზავნილებით ივსება. მეორე ადგილზე მშპ-ის 28.6%-იანი წილით ტაჯიკეთია, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არის დასაქმებული. საქართველოს მსგავსად, უკრაინასა და სომხეთშიც ეკონომიკის 10%-ზე მეტი გზავნილებზე არის დამოკიდებული.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია (გზავნილები მშპ-სთან მიმართებით 2019 წლის მდგომარეობით):

1 ტონგა - 37,16%;
2 ტაჯიკეთი - 28,61%;
3 ყირგიზეთის რესპუბლიკა - 28,51%;
4 ნეპალი - 26,92%;
5 ჰაიტი - 23,21%;
6 ჰონდურასი - 21,52%;
7 სალვადორი - 20,93%;
8 ლესოტო - 20,84%;
9 ბერმუდის კუნძულები - 20,67%;
10 სამოა - 17,22%;
11 იემენი - 16,70%;
12 მოლდოვა - 15,96%;
13 კოსოვო - 15,76%;
14 იამაიკა - 15,57%;
15 გამბია - 15,09%;
16 უზბეკეთი - 14,75%;
17 კომორის კუნძულები - 14,47%;
18 ლიბანი - 14,25%;
19 გვატემალა - 13,89%;
20 ნიკარაგუა - 13,47%;
21 საქართველო - 12,92%;
22 კაბო ვერდე - 11,90%;
23 ლიბერია - 11,28%;
24 ბოსნია და ჰერცეგოვინა - 11,21%;
25 სომხეთი - 11,18%;
26 სენეგალი - 10,70%;
27 მონტენეგრო - 10,54%;
28 უკრაინა - 10,27%;
29 კირიბატი - 10,26%;
30 იორდანია - 9,86%.

2021 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოში ფულადი გზავნილები 2020 წელთან შედარებით 48%-ით ($225 მილიონით) გაიზარდა და რეკორდულ $693 მილიონს მიაღწია. წელს ყველაზე მეტი - $194 მილიონის ფულადი გზავნილი აპრილში შემოვიდა, ეს თანხა 2020 წლის აპრილთან შედარებით 145%-ით მეტი იყო.