მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა

5ea1bdd910e25
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.20 20:08
1801
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა. COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისი კი სხვა ფაქტორებთან ერთად, ფულადი გზავნილების შემცირების რისკსაც წარმოშობს. 2020 წლის მარტში ეს რისკი უკვე რეალიზდა და გზავნილები 2019 წელთან შედარებით 9%-ით შემცირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობდა, საიდანაც გადმორიცხული თანხა 28%-ით შემცირდა.

მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი სწორედ საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტონგაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 41% სწორედ გზავნილებით ივსება. მეორე ადგილზე მშპ-ის 33%-იანი წილით ყირგიზეთია, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არის დასაქმებული. საქართველოს მსგავსად, უკრაინასა და სომხეთშიც ეკონომიკის 10%-ზე მეტი გზავნილებზე არის დამოკიდებული.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია (გზავნილები მშპ-სთან მიმართებით):

1 ტონგა - 40,7%;
2 ყირგიზეთის რესპუბლიკა - 33.2%;
3 ჰაიტი - 32.5%;
4 ტაჯიკეთი - 29%;
5 ნეპალი - 28.6%;
6 ლესოტო - 23%;
7 ბერმუდის კუნძულები - 22%;
8 ელ სალვადორი - 20,7%;
9 ჰონდურასი - 19.9%;
10 სამოა - 18%;
11 მოლდოვა - 16.1%;
12 იამაიკა - 15.9%;
13 კოსოვო - 15.6%;
14 უზბეკეთი - 15.1%;
15 მარშალის კუნძულები - 14,2%;
16 ლიბერია - 14.1%;
17 კომორი - 13.8%;
18 გამბია, The - 12.5%;
19 იემენი, რეპ. - 12.4%;
20 ლიბანი - 12.3%;
21 გვატემალა - 12%;
22 სომხეთი - 12%;
23 კაბო ვერდე - 11.8%;
24 საქართველო - 11.6%;
25 ნიკარაგუა - 11.5%;
26 უკრაინა - 11.2%;
27 ჩერნოგორია - 10.7%;
28 იორდანია - 10.6%;
29 ბოსნია და ჰერცეგოვინა - 10.5%;
30 ფილიპინები - 10.2%.

გზავნილების შემცირებას მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომლებიც COVID-19-მა შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირების წინაშე დააყენა.

“ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს შინამეურნეობებისთვის და COVID-19 -ით გამოწვეული შოკი ამ ნაკადებს შეამცირებს. მნიშნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მთავრობის ანტი-კრიზისული ღონისძიებებით, გზავნილების მისაღებად საჭირო ხარჯების და დროის შემცირების პარალელურად“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი 2020 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების დაახლოებით 10%-იან შემცირებას პროგნოზირებს.