მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსში 189 ქვეყანას შორის 70-ე ადგილზეა

5dee1d718ae67
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.19 22:30
5793
საქართველო 70-ე ადგილს იკავებს 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, რომელთა ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში (HDR) შევიდა.

ანგარიშის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფულის გარდა, სხვა მაჩვენებლებსაც მოიცავს. ამის გათვალისწინებით, ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აერთიანებს.

წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსს (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია).

საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებელი 0.786-ია, რაც მაღალ ჰუმანურ განვითარებას შეესაბამება. 2000-2018 წლებში საქართველოს HDI მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდას ნიშნავს.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი, GNI, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა.

ამ ზრდის მიუხედავად, უთანასწორობის გათვალისწინებით დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.

„უთანასწორობა აკნინებს საქართველოს მიღწევებს მოქალაქეთა ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში. „ჰუმანური განვითარების წლევანდელი ანგარიში მოუწოდებს ქვეყნებს, შეიმუშავონ და მიიღონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც არსებული არათანაბრობის შემცირებას უზრუნველყოფს, იქნება ეს ქალებსა და კაცებს, ქალაქსა და სოფელს, თუ მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობა“.

შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა უთანასწორობა ჰუმანური განვითარების წლევანდელი ანგარიშის (HDR) გამჭოლი თემაა. ამ გლობალური ანგარიშის იხედვით, სიღარიბის, შიმშილისა და ავადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული უპრეცედენტო პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს ბევრი საზოგადოება კვლავ სათანადოდ არ ფუნქციონირებს.

„ადამიანები ქუჩაში სხვადასხვა მიზეზის გამო გამოდიან, იქნება ეს მატარებლის ბილეთის ფასი, ბენზინის ფასი, პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნა, თუ სამართლიანობისა და სამართლისკენ სწრაფვა. ეს უთანასწორობის ახალი სახეა, თუმცა, ჰუმანური განვითარების ანგარიშის მიხედვით, უთანასწორობიდან გამოსავალიც არსებობს“, - აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, აჰიმ შტაინერი.

ჰუმანური განვითარების 2019 წლის ანგარიში სახელწოდებით: „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ჰუმანური განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“ აღნიშნავს, რომ ცხოვრების მინიმალურ სტანდარტებს შორის არსებული განსხვავება მთელს მსოფლიოში მცირდება, რაც იწვევს პირადი წარმატების მიღწევის აუცილებლობის ზრდას.

ანგარიშის მიხედვით, უთანასწორობის ახალი ტალღა როგორც განათლებას, ასევე თანამედროვეობის ორ ტექტონიკურ ძვრას უკავშირდება - ტექნოლოგიების განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მათ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ამ ორმა ფაქტორმა შესაძლოა ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომლის მსგავსი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ არ მომხდარა, ანუ ახალი „დიდი დაცილებისთვის“ შექმნას საფუძველი.

ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების განვითარების შეფასებისას ანგარიში მიუთითებს, რომ აქ ცხოვრების სტანდარტი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა უთანასწორობის შემცირების მცდელობა კვლავ შეფერხებულია, რაც კლიმატის ცვლილებასა და ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება.

მაგალითად, რეგიონის ენერგორესურსების თითქმის 90% წიაღისეულ საწვავზე მოდის, ხოლო ნიადაგის თითქმის 30% დეგრადირებულია. კვლევებზე და განვითარებაზე დახარჯული თანხების მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს მსოფლიოში საშუალო ადგილი უჭირავს, მაგრამ მაღალი და დაბალი კვალიფიკაციის მუშახელის თანაფარდობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარს შეადგენს. ეს განსხვავება შეიძლება გამძაფრდეს უფრო მდიდარ ქვეყნებში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ჰუმანური განვითარების 2019 წლის ანგარიშში აღწერილია ის შესაძლო პოლიტიკური ზომები და ნაბიჯები, რომლებმაც უთანასწორობის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყონ. მათ შორისაა გრძელვადიანი ინვესტიციები ადამიანების პროდუქტიულობასა და სოციალურ დაცვაში, რომლებიც ადრეული ბავშვობის ასაკში უნდა დაიწყოს და მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდეს; საერთაშორისო დაბეგვრასა და სახელმწიფო დანახარჯებთან დაკავშირებული რეფორმები; სისტემური ზომები გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; და ასევე ის პოლიტიკური ზომები, რომელთა გატარება აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისის გათვალისწინებით.

ჰუმანური განვითარების გლობალური ინდექსი (HDI)

2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 1990 წლის შემდეგ ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრი ქვეყანა ჰუმანური განვითარების უფრო მაღალ კატეგორიაში გადავიდა: 1990 და 2018 წლებს შორის 12-დან 62-მდე გაიზარდა ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების რიცხვი, ხოლო დაბალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების რიცხვი 62-დან 36-მდე შემცირდა.

ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: ნორვეგია (0.954), შვეიცარია (0.946), ირლანდია (0.942), გერმანია (0.939) და ჰონგ-კონგი (0.939). ყველაზე დაბალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებია: ბურუნდი (0.423), სამხრეთ სუდანი (0.413), ჩადი (0.401), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (0.381) და ნიგერი (0.377).

უთანასწორობა, ანუ ჰუმანური განვითარების მიღწევების არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის შიგნით განათლების, ჯანმრთელობისა და ცხოვრების დონის მიხედვით, კვლავ პრობლემაა და საყოველთაო ჰუმანურ განვითარებას აფერხებს. უთანასწორობის გათვალისწინებით კორექტირებული HDI (IHDI) აჩვენებს, რომ, უთანასწორობის შედეგად 2018 წელს მსოფლიომ ჰუმანური განვითარების მიღწევების 20% დაკარგა.

გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის მსოფლიოში არსებული უთანასწორობა თანდათან მცირდება, თუმცა საკმაოდ ნელა. მცირე პროგრესი შეინიშნება საპარლამენტო წარმომადგენლობაში (ქალ პარლამენტართა რიცხვი საშუალოდ 24.1%-ს შეადგენს), მცირდება მოზარდებს შორის მშობიარობის რაოდენობა (42.9 მშობიარობა ყოველ 1000 მოზარდზე), თუმცა, არ შეცვლილა ქალებსა და კაცებს შორის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით არსებული განსხვავება (ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობა საშუალოს კვლავ 27%-ით დაბალია კაცებთან შედარებით).

საქართველოს გენდერული უთანასწორობის ინდექსი (GII) 0.351-ია, 162 ქვეყნიდან საქართველო 75-ე ადგილზეა. ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 15%-ია. ზრდასრული ქალების 97.4%-ს სულ მცირე საშუალო განათლება აქვს მიღებული. კაცების შესაბამისი მაჩვენელი 98.6%-ია. ყოველ 100,000 ახალშობილზე მოდის 36 ქალის სიკვდილიანობა ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით. 15-19 წლის ასაკის ყოველი 1000 ქალიდან 46.4 მოზარდობისას აჩენს ბავშვს. შრომის ბაზარზე ქალების მონაწილეობა 57.8%-ია, ხოლო კაცების 78.7%.