17.მარტი .2020 22:56

საქართველო “გილიადს” ანტივირუსული მედიკამენტის გადმოცემას სთხოვს

views 1340
უკან

როგორც ვიცი, დღეს მინისტრის დონიდან წავიდა წერილი „გილიადში“ თხოვნით, რომ საქართველოს ეს წამალი გადმოეცეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ TV “პირველის“ ეთერში „გილიადის“ მიერ შექმნილი ანტივირუსული მედიკამენტის „რემდესივირის“ საქართველოში გამოგზავნაზე საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, სარეზერვოდ ეს წამალი სასურველია რომ იყოს ქვეყანაში, ამიტომაც როგორც ის აცხადებს, მას პირადად ჰქონდა საუბარი „გილიადთან“ ხუთი დღის წინ, რომ ეს წამალი გამოეგზავნათ საქართველოსთვის.

"„გილიადი“ ძალიან ძლიერი პარტნიორია ჩვენი, იცით ჰეპატიტში რა დახმარება გაგვიწია და გვიწევს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ და გვექნება ეს წამალი გარკვეული შემთხვევებისთვის", - აღნიშნა გამყრელიძემ. 

მისივე ცნობით, "გილიადმა“ ეს წამალი 2015 წელს ებოლას ეპიდემიის დროს შექმნა, იგი ანტივირუსული წამალია, რომელიც ახლა წარმატებით გამოიყენა ჩინეთმა ავადმყოფების დიდ ჯგუფზე კარგი შედეგით.

"ის ჯერჯერობით დამტკიცებულია მხოლოდ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ანუ ჯერჯერობით ყველაზე ძლიერ მარეგულირებელს, როგორიც არის ამერიკის წამლის ადმინისტრაცია და ევროპის წამლის ადმინისტრაცია, ჯერ მათ არ დაუმტკიცებიათ, და გაიდლაინებში ის ჯერ შეტანილი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა:

„ეს დაავადება ორ და სამ თვეში არ ჩაივლის, თუ ჩაივლის, მან შეიძლება სეზონური გრიპის მსგავსი დაავადების ხასიათი მიიღოს. ამიტომ ვაქცინა აუცილებლად იქნება საჭირო და შეიქმნება. მაგრამ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა.

ამ ეტაპზე ეტიოტროპული პრეპარატი, ანუ ზუსტად ამ ვირუსზე, რომელიც მოქმედებს, ჯერ არ არის. ამიტომ ჩინეთში უკვე გამოიცადა რამდენიმე, ვთქვათ შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელმაც მისცა ეფექტი, გამოიცადა ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატები, რომელსაც ხმარობს ჩინეთი და სხვა ქვეყნები - ეს იქნება რიბავერინი, ინტერფერონი, არბიდოლი, მრავალი სხვა წამლები კიდევ. მათ შორის „გილიადის“ მიერ შექმნილი წამალიც“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა