მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვა $188 მლნ-ია - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

61c42bc1b75e8
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 23:40
878
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრ ჰონდა ტაროსთან ონლაინ შეხვედრისას საქართველო-იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ინტერესი გამოთქვა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი რეჟიმის დამყარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების კუთხით ახალ შესაძლებლობებს შექმნის, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს დამატებით წაახალისებს“, - ნათქვამი იყო უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


BM.GE დაინტერესდა რა ტენდენციით ხასიათდება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და როგორია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი დღეს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველო-იაპონიას შორის ვაჭრობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 18.1%-ით აღემატებოდა, ხოლო პანდემიამდე წლის (2019 წლის) იანვარ - ნოემბრის რიცხვებს 22.1%-ით ჩამორჩება. მიმდინარე წელს ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 188 მლნ დოლარი შეადგინა (2020 წელი - 159.2 მლნ დოლარი; 2019 წელი - 241.5 მლნ დოლარი). აქედან საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა მინიმალურია და 17.9 მლნ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ ექსპორტი ბოლო 4 წლის განმავლობაში, პანდემიის მიუხედავად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად წინა წელთან შედარებით საქართველომ იაპონიაში საქონლის რეალიზაციით გასულ წელთან შედარებით 22.3%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 57.8%-ით მეტი შემოსავალი მიიღო (2020 წელი 10 თვე - 14.6 მლნ დოლარი; 2019 წელი - 11.3 მლნ დოლარი; 2018 წელი - 10.3 მლნ დოლარი).

რაც შეეხება საქონელს, რომლის რეალიზებასაც იაპონიაში ვახდენთ, ექსპორტირებული უმსხვილესი პროდუქტის 10-ეული ასეთია:

1. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - 11.1 მლნ დოლარი;
2. ალუმინი დაუმუშავებელი - 2.9 მლნ დოლარი;
3. მსუბუქი ავტომობილები - 1.6 მლნ დოლარი;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 820.9 ათასი დოლარი;
5. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 578 ათასი დოლარი;
6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 308 ათასი დოლარი;
7. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 156.8 ათასი დოლარი;
8. ახალი ნაყოფები - 135.1 ათასი დოლარი;
9. ფეროშენადნობები - 128.6 ათასი დოლარი;
10. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 45.5 ათასი დოლარი.

როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნებს შორის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი მინიმალურია, იმპორტი კი მაქსიმალური, შესაბამისად წელს იმპორტი გასულ წელთან (144,6 მლნ დოლარი) შედარებით 17.6%-ით გაიზარდა და 170.1 მლნ დოლარია. ეს რიცხვი 2019 წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა (2019 წლის - 230.1 მლნ დოლარი). რაც შეეხება იმას, რას ყიდულობს საქართველო იაპონიაში, მთავარი საიმპორტო პროდუქტი 10 თვეში მსუბუქი ავტომობილები იყო. მსხვილ საიმპორტო საქონლის 10-ეულში კი შედის:

1. მსუბუქი ავტომობილები - 152 მლნ დოლარი;
2. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 3.6 მლნ დოლარი;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 2.1 მლნ დოლარი;
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 2.1 მლნ დოლარი;
5. სატვირთო ავტომობილები - 2 მლნ დოლარი;
6. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 1.5 მლნ დოლარი;
7. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 854.2 ათასი დოლარი;
8. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 776 ათასი დოლარი;
9. სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 537.5 ათასი დოლარი;
10. ოპტიკური ელემენტები - 475.2 ათასი დოლარი.