24.ივლისი .2021 23:41

„საქართველო-ისრაელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას მუშაობა სჭირდება“

„საქართველო-ისრაელის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას მუშაობა სჭირდება“
views 398
უკან

საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, ქვეყნებმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმებას ხელი 2018 წლის მაისში მოაწერეს. იმ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ელი კოენი აცხადებდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთბებს მნიშვნელოვნად გააღრმავებდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვას გაზრდიდა. 2018 წელს მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი აცხადებდა, რომ საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა ამ შეთანხმების შედეგად 1 მლრდ დოლარს მიაღწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს საქართველო-ისრაელის სავაჭრო ბრუნვა 30 მლნ დოლარს შეადგენდა, 2019 წელს ეს რიცხვი მცირედით შემცირდა და 27.7 მლნ დოლარი გახდა, ხოლო 2020 წელს 33 მლნ დოლარი შეადგინა.

BMG-მ საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე კითხვით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელს იციკ მოშეს მიმართა, რომელმაც თქვა, რომ პროცესი დღემდე გრძელდება და ამ მიმართულებით მუშაობა საჭიროა. 

„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ყოველთვის სხვადასხვა ინიციატივის გენერატორია ხოლმე. ისრაელის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან იმ პერიოდში გავაკეთეთ შეთანხმება და გამოგზავნეს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ეკონომიკის მინისტრს შეხვდა და ამ პროცესის დაწყება შევძელით, რომელიც დღემდე გრძელდება. ამას მუშაობა სჭირდება. პროცესების დაჩქარების მხრივ ჩვენ ჩართვა არ შეგვიძლია, მაგრამ საქართველოს მხარეს ვურჩევდი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტი ინვესტიციების დაცვაა. ამ ურთიერთობაში ინვესტიციების დაცვა საქართველოსთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს დღეისთვის შეიძლება იმდენი პროდუქტი  არ ჰქონდეს, რომ ისრაელში ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ ამ კონტრაქტის ჩარჩოში ინვესტორების დაცვა, ისრაელში ბევრი ინვესტორისთვის იქნება მესიჯი, რომ საქართველოში ჩამოსვლისას თავი დაცულად შეიძლება იგრძნონ“, - აღნიშნა იციკ მოშემ.

საქართველო-ისრალის ბიზნესპალატა ამ შეთანხმების გაფორმების პროცესში ჩართვისთვისა და აღნიშნულ საკითხში არსებული გამოცდილების გაზიარების მზაობას გამოთქვამს. იციკ მოშე განმარტავს: „ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ჩარჩო ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ჩვენ შევქმნათ გზა, რომელზეც ბიზნესმენები დადიან და არა მთავრობები. როგორი ინვესტიციები გაკეთდება, იქნება ექსპორტი, ტურიზმი თუ ბიზნესურთიერთობები, ეს კერძო სექტორზეა დამოკიდებული. კერძო სექტორი კი იმ გზაზე, იმ კონტრაქტების მიხედვით მუშაობს, რომელსაც მთავრობები ქმნიან“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა