მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კანდიდატის სტატუსზე უარს არ მიიღებს, მაგრამ შესაძლოა, დროში გადაიწიოს - ბადრი ჯაფარიძე

6481d89f7c88c
ინგა მურუსიძე
08.06.23 18:00
955
საქართველო კანდიდატის სტატუსზე უარს არ მიიღებს, მაგრამ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ გამო, გადაწყვეტილებამ გადაიწიოს ცოტა ხნით, 2024 წლის არჩევნებამდე, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას განაცხადა.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, რასაც მმართველი პარტია ქმნის, იძლევა საფუძველს, გაჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

აქვე „ლელოს“ წარმომადგენელი საუბრობს იმაზე, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის შვედეთი და გერმანია მხარს უჭერენ საქართველოს, თუმცა ყველა ქვეყანა ითხოვს და ელოდება რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც ვერ/არ სრულდება.

„ახლა ალბათ საჯარო გახდება ევროკომისიის შეფასება 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეფასება იქნება არა ისეთი, როგორსაც ღარიბაშვილი იძლევა საჯაროდ, თითქოს ყველაფერი შესრულებულია. თუ „ქართული ოცნების“ გამო წლის ბოლომდე ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ამან იმედი არ უნდა დაგვაკარგინოს.

2024 წლის არჩევნებამდე ცოტა დრო დაგვრჩა, ფაქტია, რომ უარს არ მივიღებთ, საქართველო უარს არ მიიღებს, მაგრამ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ გამო სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ გადაიწიოს ცოტა ხნით... არჩევნებამდე.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ 2024 წელს შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიდეს დემოკრატიული, პროევროპული კოალიცია, რომელიც ძალიან სწრაფად შეძლებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას ქვეყნისთვის, არამედ დაიწყებს მოლაპარაკებას, გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები EU-ში გასაწევრიანებლად.

ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი საზოგადოების იმედი პირველ რიგში, ქართველი ხალხის, რადგან სწორ მომენტში, როცა საჭიროა და საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ბედს, იღებს სწორ გადაწყვეტილებას, რაც დადასტურდა მარტის მოვლენების დროს [აგენტების შესახებ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა]. მაშინ ცალსახად და თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არის ევროპის მხარეს, ხოლო „ქართული ოცნება“ თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მხარეს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რომელი პარტიები მოიაზრებიან პროევროპულ კოალიაციაში „ლელოსთან“ ერთად, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს, რომ ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, თუმცა ცალსახად არ იქნება ამ კოალიციაში „ნაციონალური მოძრაობა“.