27.სექტემბერი .2019 15:37

საქართველო კორეის რესპუბლიკის ბიზნესდელეგაციას მასპინძლობს

views 154
უკან

მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ 9 კომპანიას უმასპინძლებს. ამის შესახებ "საქმიან დილაში" სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა. მასთან ერთად გადაცემაში კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვან-ჰიც იმყოფებოდა.

"ეს არის იმ რამდენიმე გააქტიურებული ვიზიტის შედეგი, რომელიც ჩვენ გვქონდა კორეაში. მიმდინარე წლის მარტში ვიმყოფებოდით მინისტრთან ერთად და გავმართეთ საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, როგორც იმპორტიორთა ასოციაციასთან, ასევე სხვა სახელმწიფო წარმომადგენლებთან", - განაცხადა ხიდურელმა.

ვიზიტის ფარგლებში კორეულ დელეგაციას 36 ქართული კომპანია დახვდება, რაც მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, უნდა გახდეს იმის საწინდარი, რომ კონკრეტული ქართული სერვისები და პროდუქტები კორეაში გაიყიდოს.

"იმედი მაქვს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან შეუერთდება ევროკავშირს და ევრობაზარს და ამის შემდეგ, ის საინტერესო რეგიონი გახდება კორეელი ბიზნესმენებისთვის ინვესტიციების დასაბანდებლად, აქ ობიექტების გასახსნელად, რათა ევროპულ ბაზარზე მოხდეს გასვლა", - განმარტა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მან გადაცემაში თავისუფალი სავაჭრო კავშირების საჭიროებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყნების მთავრობებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ამასთან, ჰონგ კვან-ჰიმ აღნიშნა, რომ კორეა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და გასულ წელს, მსოფლიო მასშტაბით, კორეა ექსპორტის თვალსაზრისით მე-6, ხოლო იმპორტის მიმართულებით მე-9 ადგილს იკავებდა.

თავის მხრივ, მიხეილ ხიდურელის შეფასებით, ფაქტი, რომ საქართველოში კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმყოფება, ქართულ ბაზარზე ასოციაციის წევრი სხვა 8000-მდე კომპანიის ინფორმირებულობასაც უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის ივნისის ბოლოს საქართველო დელეგაცია KOIMA-ს ეგიდით დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვას დაესწრება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. მასში 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.