მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ლატვიის სავაჭრო ბრუნვა 46.7%-ით გაიზარდა - TOP-10 საიმპორტო/საექსპორტო საქონელი

631ef6169351f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.22 14:17
778
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ კასპარს გერჰარდსთან შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ლატვიის რესპუბლიკასთან ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალზეც ისაუბრა და გასული წლის დადებითი ტენდენციისა და მიმდინარე წლის მზარდი მონაცემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში საქართველოსა და ლატვიას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ.

BM.GE დაინტერესდა - როგორია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და რა საქონლით ვაჭრობს საქართველო ლატვიასთან? საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველო-ლატვიის სავაჭრო ბრუნვამ 26.9 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდს 22.8%-ით, 2020 წლის 7 თვის ბრუნვას 46.7%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს - 17.8%-ით აღემატება.

შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის შემდეგ პანდემიის პირობებში ქვეყნების შემცირებული სავაჭრო ბრუნვა დღეს ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ნაწილი უკავია. შესაბამისად, ქვეყანამ სხვადასხვა დასახელების საქონლის ლატვიაში რეალიზებით 7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა გასული წლის ამავე საანგარიშო პერიოდს 14.3%-ით მეტია. იმპორტის წილი კი ქვეყნებს შორის ვაჭრობაში 73.9%-ს შეადგენს და მიმდინარე წლის 7 თვეში 19.9 მლნ დოლარის ტოლი იყო. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდს 26.1%-ით აღემატება.

რაც შეეხება იმას, რა საქონლით ვვაჭრობთ ლატვიასთან და როგორი იყო მიმდინარე წლის 7 თვეში საექსპორტო და საიმპორტო საქონლის TOP-10-ეულები, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო საქონლის რეიტინგები ასე გამოიყურება:

TOP-10 საიმპორტო საქონელი:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3.3 მლნ დოლარი, 38 ტონა;
2. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 3 მლნ დოლარი, 35 ტონა;
3. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 2.6 მლნ დოლარი, 286 ტონა;
4. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 1.3 მლნ დოლარი, 21 ტონა;
5. სატელევიზიო კავშირის მიმღები აპარატურა - 1.2 მლნ დოლარი, 32 ტონა;
6. სამკურნალო საშუალებები დაუფასოებელი - 808 ათასი დოლარი, 2 ტონა;
7. რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის გადამცემი აპარატურა - 598 ათასი დოლარი;
8. მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა და მისი შემცვლელები - 551 ათასი დოლარი, 176 ტონა;
9. მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები - 386 ათასი დოლარი, 8 ტონა;
10. ტორფი, აგლომერირებული ან არააგლომერირებული - 358 ათასი დოლარი, 1 499 ტონა.

TOP-10 საექსპორტო საქონელი:

1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.6 მლნ დოლარი, 870 ტონა;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.2 მლნ დოლარი, 379 ტონა;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 942 ათასი დოლარი, 213 ტონა;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 746 ათასი დოლარი, 1 563 ტონა;
5. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს - 358 ათასი დოლარი, 2 ტონა;
6. თხილი და სხვა კაკალი - 233 ათასი დოლარი, 44 ტონა;
7. ლუდი - 212 ათასი დოლარი, 163 ტონა;
8. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით - 146 ათასი დოლარი, 209 ტონა;
9. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 110 ათასი დოლარი, 84 ტონა;
10. ახალი ან შეყინული ბოსტნეული - 83 ათასი დოლარი, 24 ტონა.