მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-მექსიკის სავაჭრო ბრუნვამ $11.5 მლნ-ს მიაღწია - რას ვყიდით მექსიკაში?

63a965b2ba42a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.22 09:00
3634
საქართველო-მექსიკის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით თითქმის გაორმაგებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობამ 11.5 მლნ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ამავე პერიოდის, უფრო მეტიც სრულად წლიურ ბრუნვას 75.3%-ით აღემატება.

უნდა აღინიშნოს, რომ მექსიკასთან ექსპორტ-იმპორტი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე 2016 ($13.8 მლნ) და 2017 წლებში ($14.6 მლნ) იყო. შემდეგი 4 წლის განმავლობაში კი 3-დან 6.5 მლნ დოლარამდე იცვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე წილი უკავია, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით იანვარ-ნოემბერში მექსიკაში რეალიზებული საქონლით მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება და 3.7 მლნ დოლარს შეადგენს. აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ მექსიკასთან ვაჭრობისას ექსპორტმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2016 და 2017 წლებში მიაღწია ($11.7 მლნ).

მექსიკაში რეალიზებული საქონლის ჩამონათვალი საკმაოდ მცირეა. 11 თვის პერიოდში საქართველოდან ამ მიმართულებით მხოლოდ საფრენი აპარატები (2.6 მლნ დოლარი) და თხილი და სხვა კაკალი - (1.1 მლნ დოლარი) გავყიდეთ. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, წელს მექსიკაში საფრენი აპარატები პირველად გავიტანეთ.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2016, 2017 წლებში მაშინ როდესაც მექსიკასთან ვაჭრობა ყველაზე აქტიური იყო, ამ ქვეყანაში საქართველოდან მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობები, შემდეგ კი მცირე მოცულობით თხილი და სხვა კაკალი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, მექსიკასთან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს ძირითადი ადგილი უკავია. წელს ამ მიმართულებით საქონლის შესაძენად 7.7 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 48.5%-ით აღემატება. ყველაზე მსხვილი იმპორტირებული საქონელი კი შაქარია.

TOP-5 საიმპორტო საქონელი:

1. შაქარი - 6 მლნ დოლარი;
2. მსუბუქი ავტომობილები - 465 ათასი დოლარი;
3. ლუდი - 430 ათასი დოლარი;
4. ეთილის სპირტი - 388 ათასი დოლარი;
5. გაყინული თევზი - 227 ათასი დოლარი;

მექსიკაში მცირე მოცულობებით ასევე იახტებს და სპორტისა და დასვენებისთვის განკუთვნილ მოცურავე საშუალებებს, შოკოლადსა და კაკაოს შემცვლელებს, მებაღეობა-მეტყევეობისთვის საჭირო ხელის ინსტრუმენტებს და სხვა პროდუქტს ვყიდულობთ.