მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი სახელმწიფო გახდა

63208487ae624
BM.GE
13.09.22 17:25
502
საქართველო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი სახელმწიფო გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი დღეს საქართველოს სახელით ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ცერემონიალი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შედგა.

"ჩვენმა ოცდაათწლიანმა წარმატებულმა პარტნიორობამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და მოდერნიზაციაში, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.

მსოფლიო ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, საქართველოს ეხმარებოდა და ეხმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაში, ინვესტიციების მოზიდვაში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაში, და რაც მთავარია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებლის თითქმის განახევრებაში. ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი დასტური დღევანდელი ხელმოწერის ცერემონიაა, რომლითაც საქართველო, რომელიც მანამდე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ბენეფიციარი იყო, დღეს ამავე ორგანიზაციის დონორი სახელმწიფო გახდა", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდემ.

"სხვების დახმარებით საქართველო საკუთარ თავსაც ეხმარება, რადგან ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა, გახდეს გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი და ასევე, თავისი შთამბეჭდავი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია 1960 წელს შეიქმნა და ის მსოფლიო ბანკის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად. გრანტებისა და ნულოვანი და დაბალპროცენტიანი სესხების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, პროდუქტიულობის ამაღლებას და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით. საქართველო აღნიშნული ასოციაციის წევრი 1993 წელს გახდა და მას შემდეგ, როგორც ბენეფიციარმა, 1.53 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. საქართველომ ასოციაციის ბენეფიციარის პროგრამა 2014 წელს დაასრულა.