მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მზად არის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყოს - WHO-ს წარმომადგენელი

6050718c18704
ინგა მურუსიძე
16.03.21 13:12
380
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა , ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სრულიად ახალ მიდგომას ითვალისწინებს, მათ შორის ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში.

„დღეს ჩვენ დავესწარით პირველადი ჯანდაცვის საბჭოს ისტორიულ სხდომას, სადაც წარმოადგინეს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ე.წ. საგზაო გეგმა, რომელიც არის იმ ექსპერტთა ჯგუფის სიღრმისეული ანალიზის შედეგი, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებაზე მუშაობდნენ. ეს არის ერთობლივი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გამოცდილი ქართველი ექსპერტები. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტებიც. რა თქმა უნდა, მანამდე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაო.

მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის გადადგას სათანადო ნაბიჯები და დაიწყოს ეს რეფორმა. ეს არ არის უბრალოდ სერვისების ჩამონათვალი, ეს არის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ახალი ფილოსოფია, ვინაიდან ეს რეფორმა სცილდება მხოლოდ პაკეტის გადახედვას. ის ითვალისწინებს სრულიად ახალ მიდგომას, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდა სათანადო ანალიზი, შემუშავდა დეტალური საგზაო გეგმა და დადგა რეფორმის განხორციელების დრო“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ.