მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მზადაა და იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - დარჩიაშვილი

6290a8d51dc6a
თელარა გელანტია
27.05.22 14:29
833
“ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ევროპული არჩევანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობაა და ის ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ტრადიციაა. მეტიც, ის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაა” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რომელიც საქართველომ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანია, არამედ ეს არის საქართველოს მთავრობის ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯი ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ომი - პირველად 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ხოლო 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ - კიდევ ერთხელ იქცა სამწუხარო რეალობად.

ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, დაგეგმილზე ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, „ერთი მხრივ, იყო პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე, იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად“.

როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, რაც დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ, და ასევე დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. უფრო მეტიც, საქართველო, რეფორმების განხორციელების მხრივ, არა მხოლოდ უტოლდება, არამედ, ბევრი მიმართულებით, უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

„საქართველო აკმაყოფილებს აპლიკანტი ქვეყნისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უფრო მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკურ მზაობასაც კარი გაუღოს ახალ წევრებს.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ ევროპელი პარტნიორები, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა არის ოპტიმიზმით სავსე. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ინარჩუნებს ამ განწყობას. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, ჩვენი პარტნიორები გამოიყენებენ თავიანთ ხმას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის. ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.