მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საკვების საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2021-ზე ერთიანი ბრენდით იყო წარმოდგენილი

604670742fe92
BM.GE
09.03.21 21:30
659
თებერვლის ბოლოს, დუბაიში საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2021 გაიმართა, რომელშიც 14 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. პანდემიურ ვითარებაში ქართული პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე გატანის ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში” იყო. სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის თქმით, წელს საქართველო სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ერთიანი ბრენდით იყო წარმოდგენილი, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. “Forbes-ის კვირის” ეთერში ხიდურელმა განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოს ჩართულობით, ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებმა საერთაშორისო სავაჭრო ქსელების მომარაგების მენეჯერებთან გამართეს შეხვედრები.

“ჩვენ 14 ქართული კომპანიის წაყვანა შევძელით Gulfood 2021-ზე. რაც ასევე მნიშვნელოვანია, 20%-ით გაგვიზარდეს საქართველოს საგამოფენო სივრცე, რასაც ყოველ წელს ვითხოვდით. ეს იყო პირველი საერთაშორისო გამოფენა, სადაც ჩვენ წარვდექით განახლებული ბრენდინგით. USAID-ის აგროპროექტის ხელშეწყობით ქართული პროდუქციის ერთიანი ბრენდინგი შეიქმნა. ჩილე არის ცნობილი, რომელსაც აქვს ასეთი ერთიანი ბრენდინგი და უკვე საქართველოსაც ექნება საკვებისა და სასმელის მიმართულებით ერთი კონცეფცია, ერთი მარკეტინგული მიდგომა და ერთი დიზაინი საგამოფენო სივრცეზე.

ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა კონტაქტი ექსპორტიორებთან და იმპორტიორებთან, ასევე საქართველოს საელჩოს ჩართულობით იყო შეხვედრები კონკრეტულად დიდი ქსელების მომარაგების მენეჯმენტთან, როგორიცაა "კარფური" და "შპარი",- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია ჰქონდა წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები.

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა GULFOOD ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად დუბაიში იმართება.

მიმდინარე წელს საქართველოს GULFOOD-ზე ჯამში გამოყოფილი ჰქონდა 133 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცე.