მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო, თურქეთი, UAE – სადაა ყველაზე მარტივი რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღება?

624be7b81b88f
მარიამ ადამია
10.04.22 19:00
1799

უკრაინაში მიმდინარე ომისა და დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება, ბიზნესის სხვა ქვეყანაში გადატანა გადაწყვიტეს, თუმცა არჩევანი დიდი არ აქვთ, ამიტომაც სულ სამ ქვეყანას შორის უწევთ გადაწყვეტილების მიღება. ესენია: თურქეთი, საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები. და მაინც რატომ ეს სამი ქვეყანა, რა პირობებს სთავაზობენ და რა იზიდავთ რუსებს? ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული Forbes აქვეყნებს.  

საქართველო  

საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ერთ წლამდე შეუძლიათ დარჩენა. თუმცა ბინადრობის ნებართვა ასევე საბანკო ანგარიშის გახსნისა და ბიზნესის დარეგისტრირების საშუალებასაც იძლევა. ბინადრობის ნებართვის მქონე რუსებს ასევე შეუძლიათ მიიღონ იმ ქვეყნებში მოგზაურობის ნებართვა, რომლებიც დღეს მათთვის, სანქციების გამო დახურულია. 2022 წლის გაზაფხულზე კი, საქართველოს უძრავი ქონების მიმართ მზარდი მოთხოვნაც სწორედ რუსების მიერ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას უკავშირდება. ხოლო იმისათვის, რომ მსურველმა საქართველოში საიმიგრაციო სტატუსი მიიღოს, საჭიროა $100 000 ან მეტი ოდენობის თანხის ინვესტირება უძრავ ქონებაში. 


თურქეთი 

საქართველოს გარდა, რუსების რჩეული ქვეყნების ჩამონათვალში თურქეთიც სახელდება, რომელიც ინვესტორებს ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და სწრაფ საიმიგრაციო პროგრამას სთავაზობენ, ხოლო ნებისმიერი ოდენობის ქონების შეძენისას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საცხოვრებელი, კომერციული ფართი, თუ ორივე ერთად, ინვესტორი იღებს ბინადრობის ნებართვას.

შეძენილ სახლში, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს, შეუძლია არა მხოლოდ ოჯახის წევრის, არამედ ნებისმიერი პირის შეყვანა, რომელიც საიმიგრაციო სტატუსს მიიღებს. თუმცა, ბინადრობის ნებართვა, მუშაობის უფლებას არ იძლევა და მხოლოდ ერთი წლით გაიცემა. სტატუსის გასაგრძელებლად კი, საჭიროა ქვეყანაში წელიწადში ექვს თვეზე მეტ ხანს ცხოვრება. თეორიულად თურქეთში ბინადრობის მოწმობის აღება უძრავი ქონების დაქირავების შემთხვევაშიც შესაძლებელია, მაგრამ ახლა რუსებს, ამ მოთხოვნაზე უარით პასუხობენ. რაც შეეხება მოქალაქეობის მოპოვებას, ის ბინადრობისგან განსხვავებით უფრო მეტ უფლებას აძლევს ადამიანს და მისი მიღება, უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადების შედეგადაც არის შესაძლებელი, თუმცა მისი საკადასტრო ღირებულება 250 000 დოლარიდან უნდა იწყებოდეს. ამ დროს მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა იმუშაოს ქვეყანაში და გახსნას საბანკო ანგარიში. ასევე საშუალებას აძლევს უვიზოდ ან გამარტივებული წესით შევიდეს ასამდე ქვეყანაში.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები - ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, სადაც რუსები და განსაკუთრებით მეწარმეები ბინადრობის ნებართვის მიიღებას ცდილობენ. ქვეყნის მიმართ რუსები 2021 წლიდან დაინტერესდნენ, თუმცა თუკი აქამდე ისინი უძრავ ქონებას გასაქირავებლად და ფულის გამომუშავების მიზნით ყიდულობდნენ, დღეს, საცხოვრებელს საკუთარი თავისთვის არჩევენ. კიდევ ერთი კომფორტი აქ ისაა, რომ გადახდა კრიპტოვალუტითაც არის შესაძლებელი. ამიტომ მას ძირითადად ის რუსები ირჩევენ, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის წარმოებას გეგმავენ.

უპირატესობებს შორის არის უფლება, აირჩიონ ის ეკონომიკური ზონა, რომელშიც კომპანია არის რეგისტრირებული. ასევე არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, თუმცა ეს რეჟიმი მომავალი წლის ზაფხულამდე მოქმედებს და 2023 წლის 1 ივნისიდან მთავრობა კორპორატიული საშემოსავლო გადასახადს აწესებს, თუმცა მცირე ბიზნესს, რომლის მოგებაც 102 000 დოლარამდეა, ეს არ შეეხება.

ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიღება კი, შესაძლებელია არა მხოლოდ იქ ბიზნესის გახსნის შედეგად, არამედ უძრავი ქონების შეძენითაც, რომლის საწყისი ღირებულებაც 205,000 აშშ დოლარი და მეტი უნდა იყოს. შედეგად ბინადრობის ნებართვის მქონე პირს, შეუძლია საბანკო ანგარიშის გახსნა, ტურისტული ვიზის მიღება გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, შენგენის ქვეყნებში და ასევე ევროკაშვირის ქვეყნებში საიმიგრაციო სტატუსის მოპოვების გამატივებული შესაძლებლობა ეძლევა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბინადრობის ნებართვის რეგისტრაციას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება.