26.აგვისტო .2020 12:18

საქართველო ვაქცინის მისაღებად საჭირო პირობების დაკმაყოფილებაზე მუშაობს - ამირან გამყრელიძე

views 294
უკან

გვიან შემოდგომაზე შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველო მუშაობს დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ამა თუ იმ ვაქცინის მისაღებად იქნება საჭირო.

„საკოორდინაციო საბჭოზე დღეს ვიმსჯელეთ ვაქცინაციის შესახებ. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის წარმოება შედის ფინალურ ფაზაში; რამდენიმე ვაქცინა დღეს უკვე კლინიკურ კვლევას გადის. 9-დან სამი უკვე კლინიკურ კვლევაშია და შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგაოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ. ამიტომ ვაქცინების გლობალური ალიანსის კოორდინირებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან, ვაქცინის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვართ. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის დ ასტრაზენეკას მიერ შექმნილი ვაქცინა და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დავაკმაყოფილოთ პირობები, რაც ვაქცინის მისაღებად განაცხადისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და პრემიერმა გიორგი გახარიამ ყველა შესაბამის უწყებას დავალებები მისცა.