მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო VS ინტერ რაო: საჩივრდება თუ არა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და რა გაასაჩივრა მთავრობამ?

61a76517d5b7a
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 16:20
1138
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს. იუსტციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს.

"სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც "ინტერ რაოს" ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. "ინტერ-რაო" ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟი არაა ტიპიური სასამართლო, ის დავების განმხილველი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, სადაც მიმართვის დროს მხარეები თავიდანვე თანხმდებიან, რომ ისინი დაემორჩილებიან და აღასრულებენ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არბიტრაჟის გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება იმავე შინაარსით გასაჩივრებას, რასაც მაგალითად, საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ექვემდებარებიან.

იმის დასადგენად თუ რისი გასაჩივრება შეეძლო საქართველოს მთავრობას, BMG-მ კომერციული სამართლის სამ სპეციალისტს მიმართა.

იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა გვეუბნება, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შინაარსობრივი ნაწილი, როგორც წესი, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა შესაძლებელია არბიტრაჟის მხრიდან პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დავის დაწყება.

იურიდიული ფირმა J&T-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე განმარტავს, რომ დავა შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ პროცედურულ დარღვევას და სასამართლო ვერ შევა შინაარსობრივ განხილვაში საქართველოს $80 მილიონი უნდა დაკისრებოდა Inter Rao-ს სასარგებლოდ თუ $90 მილიონი.

იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე კი გვეუბნება, რომ რთულია საუბარი იმაზე, უშუალოდ რა გაასაჩივრა საქართველომ, რადგან როგორც წესი არბიტრაჟის გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა დავა შეიძლება შეეხებოდეს პროცესის გარკვეულ ნაწილს.

ქეთევან ქვარცხაცა BLC-ის პარტნიორი:

“არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება, მითუმეტეს, თუკი ის გადაწყვეტილების შინაარსობრივ ნაწილს შეეხება. ერთადერთი დავა შეიძლება იყოს პროცესუალურ დარღვევაზე და არა შინაარსობრივ მსჯელობაზე ან თუკი არბიტრაჟმა რომელიმე იმპერატიული ნორმა დაარღვია არბიტრაჟის იურისდიქციის ქვეყნის", - ამბობს ქეთი ქვარცხავა.

გიორგი ცერცვაძე J&T-ის მმართველი პარტნიორი:

“გასაჩივრება თავისი კლასიკური გაგებით არ ხდება. გასაჩივრების ფარგლები ლიმიტირებულია საკმაოდ. ეს ფარგლები შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ პროცედურულ დეტალებს, არაარსებით საკითხებს. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო ვერ იმსჯელებს იმაზე, რომ მაგალითად ეს თანხა $80 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუ $90 მილიონი. სასამართლოს შეუძლია თქვას, თუ რამდენად პროცედურულად სწორად განიხილა არბიტრაჟმა საკითხი და ხომ არ ჰქონია რაიმე გადახრა, რამაც გამოიწვია ისეთი შედეგი, რაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუკი ნორმალურად ჩატარდებოდა პროცესი.

არბიტრაჟის შესახებ შვედური კანონი ითვალისწინებს ამ პროცედურას და არის შესაძლებელი გადაწყვეტილების შესახებ მიმართვა, თუმცა სიტყვა გასაჩივრება არ გამოიყენება, რადგანაც ეს არ არის არც ზედა ინსტანცია ან აპელაცია, რადგან ამ კუთხით არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება,” - ამბობს გიორგი ცერცვაძე.

კახა შარაბიძე BLB-ის მმართველი პარტნიორი:

“ზოგადი პრინციპია, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება გასაჩივრებას და საბოლოოა. ძნელია იმის თქმა თუ რა გაასაჩივრეს. იმ ტიპის გასაჩივრება, რომ მაგალითად, ზემდგომ ინსტანციაში წავიდეს, როგორც ეს ჩვეულებრივ სასამართლოში ხდება, ამდაგვარი ალბათ არ უნდა იყოს. შეიძლება გულისხმობენ დავის რაღაც ნაწილის შიდა გასაჩივრებას. საერთო ჯამში, რთულია ამის თქმა რისი გასაჩივრება მოხდა", - ამბობს შარაბიძე.

დღეს საქართველოს მთავრობა 12 საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული, რომლებშიც სახელმწიფოს მხოლოდ იურისტების დაქირავება წელიწადში 80 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი ამ მიმართულებით სახელმწიფოს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, რადგანაც ამ პროცესებში საქართველოს მდგომარეობა არასახარბიელოა.

“ძალიან ბევრ დავაშია ჩართული სახელმწიფო და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, რადგანაც ხშირად ვაგებთ. მეტი გამჭვირვალეობაა ამ მიმართულებით საჭირო. სხვა დავებიც ვიცით, სადაც ჩართულია სახელმწიფო; დავის დეტალები შეიძლება კონფიდენციალური იყოს, მაგრამ რადგანაც ანგარიშვალდებულებაა საჭირო, ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებამ იცოდეს თუ რა დავებია და რა არის დავის საგანი. არაერთ დავაშია სახელმწიფო ჩართული და ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც იურიდიული ხარჯების, ასევე ფინანსური კომპენსაციების მიმართულებით,” - ამბობს კახა შარაბიძე.

მიმდინარე 12 საარბიტრაჟო დავას მალე შესაძლოა მე-13 დავაც შეემატოს, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი “ნამახვანჰესის” ინვესტორი ENKA საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვას გადაწყვეტს.