მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო VS მსოფლიო - საკრედიტო რეიტინგის გლობალური რუკა

5e565339bba11
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 16:35
1550
ნებისმიერი სესხის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს ქვეყნის რისკი წარმოადგენს. ქვეყნის სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს იმ რისკ-პრემიას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აკისრებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებას და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში საკრედიტო რესურსის გაძვირებას იწვევს.

კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთა რეიტინგის, მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ხარისხის განსაზღვრა გაცილებით უფრო კომპლექსურ მოდელირებას ეფუძნება. ქვეყნები ინსტიტუციური მდგრადობის, საშინაო თუ საგარეო რისკების მიმართ მოწყვლადობისა და მომავალში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივის მიხედვით ფასდებიან. რეიტინგს კი, მიუკერძოებელი საერთაშორისო კომპანიები: Standard & Poor’s-ი, Fitch-ი და Moody’s-ი აფასებენ. 

2019 წელს Fitch-მაც და S&P-მაც საქართველოს რეიტინგი ერთი საფეხურით - “BB” მდე გაუზარდეს. იქამდე, მთელი რვა წლის განმავლობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB მინუსს” შეადგენდა. ამ ზრდის მიუხედავად, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი კვლავ “არასაინვესტიციო ხარისხის” რეიტინგია. ყველაზე დაბალი დონის საინვესტიციო ხარისხის რეიტინგის - “BBB მინუსის” შეფასების მიღებისგან საქართველოს ორი ნაბიჯი აშორებს, ხოლო საუკეთესო “AAA” შეფასებას საქართველო მთელი თერთმეტი საფეხურით ჩამოუვარდება.

Fitch-მა საკრედიტო რეიტინგები 2020 წლის თებერვალშიც განაახლა; ორგანიზაციამ წელს საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესებისგან თავი შეიკავა და მიუთითა, რომ შემდგომი ზრდა სხვა პარამეტრებთან ერთად, ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონის ზრდაზე არის დამოკიდებული. დღეს “BB” საკრედიტო რეიტინგი მხოლოდ ოთხ ქვეყანას - საქართველოს, საბერძნეთს, გვატემალასა და ნამიბიას აქვს მინიჭებული.

საქართველოს რეიტინგი ერთი საფეხურით აღემატება სომხეთისა და თურქეთუს ქულას, თუმცა ერთი ნაკლებია აზერბაიჯანის, ორით კი - რუსეთის შედეგზე.

ყველაზე მაღალი - “AAA” ქულა 2020 წლის მდგომარეობით, 11 ქვეყანას აქვს მინიჭებული, მათ შორისაა აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, შვედეთი და სხვა ქვეყნები. წელს ყველაზე დაბალი შეფასება - “CC” არგენტინას აქვს, რაც არგენტინის საგარეო ვალთან მიმართებით არსებულ გაურკვევლობას და დეფოლტის გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.


Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის სრული სკალა ასეთია:

  1. AAA 
  2. AA+ 
  3. AA 
  4. AA- 
  5. A+ 
  6. A- 
  7. BBB+ 
  8. BBB 
  9. BBB- 
  10. BB+ 
  11. BB 
  12. BB- 
  13. B+ 
  14. B- 
  15. CCC+ 
  16. CCC 
  17. CCC- 
  18. CC+ 
  19. CC 
  20. CC- 
  21. DD