მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო წელს რუსეთიდან 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს შეიძენს

5ffd71bc7cae5
შოთა ტყეშელაშვილი
12.01.21 14:05
1422
2021 წლის განმავლობაში საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირს შეიძენს - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. რუსული გაზის ეს მოცულობა 2020 წლის მაჩვენებლის ტოლია და ის მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების 7.32%-ს შეადგენს. ამ ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკორპორაცია "გაზპრომ ექსპორტიდან" მოხდება.

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით უნდა გაიზარდოს და ის 2.73 მილიარდ მეტრ კუბს მიაღწევს.

მათ შორის გაზის მოწოდების ზრდა სრულად აზერბაიჯანულ მხარეზე მოდის, რომლიდანაც წელს საქართველო 2.52 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამისად, აზერბაიჯანული გაზის წილი მთლიანი მოხმარების 92.3% იქნება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ორ წყაროდ იყოფა, ესენია:

1) გაზი შაჰ-დენიზის კონსორციუმიდან - 1.014 მილიარდი კუბური მეტრი, ზრდა 125 მილიონი კუბური მეტრი;
2) გაზი “სოკარიდან” - 1.504 მილიარდი კუბური მეტრი, ზრდა 80 მილიონი კუბური მეტრი.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ადგილობრივ მოპოვებას, მას ეკონომიკის სამინისტრო 11 მილიონ კუბურ მეტრზე პროგნოზირებს. შესაბამისად, ქართული გაზი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0.4%-ს დააკმაყოფილებს.

აზერბაიჯანიდან საქართველო ბუნებრივ აირს სოკართან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე იღებს. 2020 წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად სოკარმა საქართველოსთვის ე.წ. “სოციალური გაზის” ღირებულების შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ფასდაკლება 200 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება. “სოციალური გაზი” მოსახლეობის და თბოელექტროსადგურებისთვის არის განკუთვნილი. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, წელს გაიზრდება როგორც მოსახლეობის, ასევე თბოსადგურებისა და კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა.

2021 წლისთვის გაზის მოხმარების პროგნოზი ასეთია:

1) მოსახლეობა (სოციალური გაზი) - 1.129 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ზრდა 41 მილიონი კუბური მეტრი;
2) თბოელექტროსადგურები (სოციალური გაზი) - 665 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 79 მილიონი კუბური მეტრი;
3) კომერციული სექტორი - 900 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 60 მილიონი კუბური მეტრი.