მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო X მოწვევის პარლამენტს ირჩევს - უბნები 08:00 საათზე გაიხსნება

5f9c37ea072d0
თელარა გელანტია
31.10.20 07:00
593
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. მთავარი სიახლე, რომელიც ამ არჩევნებს ახლავს თან ისაა, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პროპორციული მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ. ბლოკებისთვის კი ბარიერი ბლოკში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და 1%-ის ნამრავლის ტოლია.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170 მოქალაქე.

ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ცნობისთვის: არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.