მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ხორვატიის ეკონომიკური კავშირი რიცხვებში - სავაჭრო ბრუნვა $12 მლნ-მდე გაიზარდა

63e4cf62738cc
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.23 15:07
820
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს გორდან გრლიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.

„აღსანიშნია სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების უნიკალური შესაძლებლობები მყარ საფუძველს შეუქმნის ხორვატიული კომპანიების საქმიანობას საქართველოში.

ხაზგასასმელია, რომ მინისტრ რადმანის ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: 1) შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და 2) საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილი.

BM.GE საქართველო-ხორვატიის ეკონომიკური ურთიერთობებით დაინტერესდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს ხორვატიიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა. რაც შეეხება სავაჭრო კავშირებს, გასულ - 2022 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 49%-ით გაიზარდა და 11 მილიონ 970 ათასი დოლარი შეადგინა. ექსპორტ-იმპორტის ანალოგიური მაჩვენებელი ქვეყნებს 2013 და 2018 წელსაც ჰქონდათ.

სავაჭრო ურთიერთობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია და ქვეყნიდან ხორვატიაში გასულ წელს სულ 229 ათასი დოლარი საქონელი გავიტანეთ. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში კი ისეთი პროდუქტები გვხვდება, როგორიცაა საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასების ნაწარმი, მანეკენები თერძებისათვის, კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები, ბიუსტჰალტერები, ქამრები, სპორტული კოსტიუმები, ავეჯი და მინიმალური მოცულობით სხვა ნაწარმი გავიდა.

იმპორტის შემთხვევაში, ქვეყნიდან ხორვატიაში საქონლის შესაძენად 11.7 მლნ დოლარი გავიდა. სავაჭრო ბრუნვაც სწორედ იმპორტის ზრდის ხარჯზეა გაზრდილი. თავად გასულ წლის იმპორტი კი 2021 წლის მონაცემებზე 56.8%-ით მეტია.

TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. რეზერვუარები, ცისტერნები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონიებისაგან - 1,1 მლნ დოლარი;
2. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი - 1 მლნ დოლარი;
3. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები - 911 ათასი დოლარი;
4. მაისურები, თბილი კვართები - 675 ათასი დოლარი;
5. კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა - 627 ათასი დოლარი;

გასულ წელს ხორვატიიდან ასევე ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები შევიძინეთ, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, სატელევიზიო კავშირისათვის მიმღები აპარატურა, ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები, კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა, საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟისა და სხვა საქონელი შევიძინეთ.