მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან აშშ-ში ათობით მილიონის გათეთრებაში ბრალდებული ლიბანელების ექსტრადირება მოხდა

62794f1e89a1b
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.22 21:40
1074
30 აპრილს, საქართველოდან აშშ-ში ლიბანის ორი მოქალაქის - მოჰამედ იასინის და ჰასან აბდულ რაჰმანის ექსტრადირება განხორციელდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების საერთაშორისო სქემის დამფუძნებლები იყვნენ, რომლის მეშვეობითაც ნარკოტრაფიკში ჩართულმა საერთაშორისო ქსელებმა ათობით მილიონი დოლარის გათეთრება შეძლეს.

ამ პირებზე ძებნა აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) კომპეტენციაში შედიოდა, რომლის აგენტებიც ბრალდებულთა ექსტრადირების პროცესში მონაწილეობდნენ.

მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა.

ფულის გათეთრებაში მონაწილეობისთვის მათ ბრალს ნიუ-იორკის ოლქის პროკურატურა წარუდგენს, საქმის ხელმძღვანელმა ბრალმდებელმა ბრეონ პისმა, ქართველ სამართალდამცველებს ძებნილთა დაკავებისთვის და ექსტრადირების პროცესისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ბრალდებულების ძირითადი საქმიანობის პერიოდი 2017-2018 წლებს მოიცავს, როდესაც ისინი მომსახურების 17%-იანი საკომისიოს სანაცვლოდ, საერთაშორისო ნარკოტრაფიკით დაკავებულ ჯგუფებს ფულის გათეთრების სერვისს უწევდნენ. ამაში ჩართული იყო ყალბი კომპანიების და ანგარიშების ქსელი, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფულის მოძრაობის სქემები. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, გათეთრებული ფულის ნაწილი ამერიკული ბანკების ანგარიშებზეც ხვდებოდა, შესაბამისად, მათ ფულის გათეთრების ბრალი აშშ-ში უნდა წარედგინოთ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექსტრადირებულ პირებს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.