მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რეექსპორტირებულ ავტობრენდებში ლიდერი "ტოიოტაა"

5fbea0ff7b2d0
მადონა გასანოვა
26.11.20 00:00
927
საქართველოდან, 2020 წლის ოქტომბრის თვეში, ჯამში 2 081 ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი განხორციელდა. მათ შორის, იაპონური "ტოიოტა" ბაზრის ლიდერია, რომელიც რეექსპორტის 15%-ს იკავებს. რაც შეეხება ავტომობილების ფერებს, მათში ყველაზე დიდი პოპულარობით ნაცრისფერი გამოირჩევა.

რეექსპორტირებული ავტომობილების ჯამურმა რიცხვმა, 2020 წლის ოქტომბერში 637 ერთეულით, ანუ 23.4%-ით იკლო, 2020 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიცხვმა 2 718 შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრულო პოლიციის ბოლო კვლევაში.

ჯამში რეექსპორტირებულ 2 081 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შორის, 315 ერთეულით, 2020 წლის ოქტრომბრის თვის ლიდერი "ტოიოტაა". იაპონურ ავტომწარმოებელს მოსდევს გერმანული "ოპელი" - 254 ერთეულით, სამხ. კორეული "ჰიუნდაი" - 208 ერთეულით, გერმანული "ფოლკსვაგენი" - 202 ერთეულით, ამერიკული "ფორდი" - 191 ერთეულით, სამხ. კორეული "კია" - 155 ერთეულით, ამერიკული "შევროლეტი" - 138 ერთეულით და გერმანული "მერსედეს-ბენცი" - 130 ერთეულით.

რაც შეეხება ავტომობილების ფერებს, ლიდერის პოზიციას ნაცრისფერი იკავებს 813 ერთეულით. მას მოსდევს თეთრი - 411 ერთეულით, შავი - 363 ერთეულით, ლურჯი - 261 ერთეულით და წითელი - 111 ერთეულით.

რეექსპორტირებულ ავტომობილთა უდიდესი წილი, ანუ 188 ერთეული, 2016 წელსაა გამოშვებული. 2015 წელს გამოშვებულ ავტომობილთა რიცხვი 183 იყო, ხოლო 2014 წელს გამოშვებულის - 180 ერთეული.
1973 წლის მწვანე ფერის კუპე, ოლდსმობილი იყო ერთადერთი ვინტაჟური ავტომობილი, რომლის რეექსპორტიც განხორციელდა 2020 წლის ოქტომბერში.

TBC Capital-ის საავტომობილო სექტორის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი (აშშ დოლარში) შემცირდა. ცნობისთვის, სომხეთის ახალმა საბაჟო რეგულაციებმა 2020 წელს დახურა ეს საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის, რაც გახდა ექსპორტის ვარდნის ძირითადი მიზეზი, რამაც შესაბამისად გამოიწვია იმპორტის კლებაც, ვინაიდან საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის 100% წარმოადგენს რეექსპორტს.