მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტირებულ პროდუქციას შორის ლიდერი ძვირფასი ქვები და ლითონებია - რატომ?

602900b207cb2
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 22:00
1265
საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტირებულ პროდუქციას შორის ძვირფასი ქვების და ლითონების ნაწარმი ლიდერობს, რომლის მოცულობამაც მაგალითად, 2019 წელს 65,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს კი 92,4 მლნ აშშ დოლარი.

თუ რა განაპირობებს ამას, საკითხზე შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა BMG-სთან ისაუბრა:

„პირველ რიგში, შვეიცარია არის მნიშვნელოვანი გლობალური სავაჭრო ცენტრი. მეორე მხრივ, ჩვენს საათებისა და საიუველირო ინდუსტრიას აქვს ინტერესი მაღალხარისხიანი ძვირფასი მეტალების მიმართ", - აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

ცნობისთვის, გასულ წელს, შვეიცარიას საქართველოს სასარგებლოდ ნეგატიური სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს შვეიცარიაში საქართველოდან 106,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იქიდან 61,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის იმპორტი დაფიქსირდა.

შვეიცარიის ელჩის თქმით, 2020 წელს ასევე შვეიცარია იყო ქართული პროდუქციისთვის რიგით მერვე საექსპორტო ბაზარი და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქართული პროდუქტებისა მთლიანად ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის.

„2020 წელს კორონავირუსის და მთიანი ყარაბაღის კრიზისის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წელთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია კიდევ გაუმჯობესება და უფრო მეტად დივერსიფიცირება“, - აღნიშნა ელჩმა.