14.მაისი .2022 17:27

საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი, 3 თვეში 149.7%-ით გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ ყაზახეთში

საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი, 3 თვეში 149.7%-ით გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ ყაზახეთში
views 1412
უკან

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვა 29.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე 2018 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ბრუნვა 42.7 მლნ დოლარი იყო, ამის შემდეგ ეს რიცხვი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ყაზახეთთან ვაჭრობა 123.4%-ით გაიზარდა და ქვეყანა საექსპორტო ბაზრების ათეულშიც მოხვდა.

2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ ყაზახეთში საქონლის ექსპორტით 23.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ბოლო 10 წელიწადში ეს ამ ქვეყანაში ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ყაზახეთში საქონლის რეალიზაციის ზრდა აშშ-ს შემდეგ, ყველაზე მეტი იყო და 3 თვეში ექსპორტი ზრდამ 149.7%-ი შეადგინა. შედეგად ყაზახეთი TOP-10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალში მეათე ადგილზე მოხვდა.

რაც შეეხება იმას თუ რა საქონელი გავიტანეთ ყაზახეთში ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით, TOP-10 საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი შემდეგია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 9.6 მლნ დოლარი;
2. მინერალური და მტკნარი წყლები - 6.7 მლნ დოლარი, 10 852 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.8 მლნ დოლარი, 568 ტონა;
4. დაგაზიანებული და ტკბილი მინერალური წყლები - 939 ათასი დოლარი, 1 414 ტონა;
5. მანგანუმის მადნები და კონცენტრატები - 863 ათასი დოლარი, 3 243 ტონა;
6. ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული - 697 ათასი დოლარი, 7 ტონა;
7. შავი ლითონის მილები და მილაკები - 524 ათასი დოლარი, 524 ტონა;
8. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 462 ათასი დოლარი, 88 ტონა;
9. დაკონსერვებული ნაყოფი და მცენარის ნაწილები - 204 ათასი დოლარი, 112 ტონა;
10. საზომი და საკონტროლო ხელსაწყოები - 149 ათასი დოლარი, 0.3 ტონა.

გარდა ამისა, ექსპორტზე მცირე მოცულობებით გავიდა თხილი, ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები, ცენტრიფუგები, სიგარები და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი ექსპორტზე მოდის. რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის პირველ სამ თვეში ეს რიცხვი 55.6%-ით გაიზარდა და საქართველომ საიმპორტო ბაზრიდან 5.7 მლნ დოლარის საქონელი შეიძინა. ყაზახეთიდან იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 10 წელიწადში 2018 წელს დაფიქსირდა (27.2 მლნ დოლარი).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისში ყაზახეთიდან შეძენილ უმსხვილეს საიმპორტო საქონელში ხორბალი და მესლინი მოხვდა. TOP-10 საიმპორტო საქონელი კი ასეთია:

1. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.6 მლნ დოლარი, 1 302 ტონა;
2. ხორბალი და მესლინი - 1 მლნ დოლარი, 2 991 ტონა;
3. საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 598 ათასი დოლარი, 65 ტონა;
4. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები - 525 ათასი დოლარი, 2 252 ტონა;
5. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - 408 ათასი დოლარი, 958 ტონა;
6. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 357 ათასი დოლარი, 610 ტონა;
7. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 223 ათასი დოლარი, 66 ტონა;
8. სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - 164 ათასი დოლარი, 273 ტონა;
9. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 136 ათასი დოლარი, 109 ტონა;
10. პოლიმერული მასალების ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი - 105 ათასი დოლარი, 27 ტონა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა