09.დეკემბერი .2022 00:00

საქართველომ ბულგარეთში $346 მილიონის საქონელი გაყიდა - რით ვვაჭრობთ რიგით მერვე პარტნიორთან?

საქართველომ ბულგარეთში $346 მილიონის საქონელი გაყიდა - რით ვვაჭრობთ რიგით მერვე პარტნიორთან?
views 784
უკან

10 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობის 33.5%-იანი ზრდის პარალელურად, ქვეყნის თითქმის ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ბრუნვის მაჩვენებლები გაზრდილია.

ერთ-ერთი ასეთი ბულგარეთია, რომელიც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში 3.5%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. იანვარ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 528.7 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 57.4%-ია.

ბულგარეთთან საქონლით ვაჭრობის მხრივ საქართველოს დადებითი სალდო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებლების იმპორტისას აღემატებოდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველომ ბულგარეთში იანვარ-ოქტომბერში 346.8 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა, რაც გასული წლის მონაცემებს 88.1%-ით მეტია. ამგვარად უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში შავი ზღვით მეზობელი ქვეყანა 7.6%-იანი წილით მეექვსე ადგილს იკავებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ბულგარეთში განხორციელებული ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიმართულებით რეალიზებული საქონლის დიდი ნაწილი (343.2 მლნ დოლარი) ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტით მიღებული შემოსავალია. საქართველოდან ბულგარეთში მთავარი საექსპორტო საქონელი კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 326.3 მლნ დოლარი;
2. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 4.1 მლნ დოლარი;
3. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის - 3.2 მლნ დოლარი;
4. ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - 2.8 მლნ დოლარი;
5. აზოტოვანი და მინერალური სასუქები - 2.1 მლნ დოლარი;
6. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.8 მლნ დოლარი;
7. სატვირთო ავტომობილები - 1.5 მლნ დოლარი;
8. ფეროშენადნობები - 739 ათასი დოლარი;
9. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი - 633 ათასი დოლარი;
10. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 361 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, ბულგარეთიდან შეძენილი საქონლის მოცულობები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების ათეულში მოხვედრილიყო, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ზრდის ტენდენცია აქაც შესამჩნევია. მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ბულგარეთში 181.8 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს 20%-ით აღემატება. ბულგარეთიდან საქართველო ძირითადად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასე დგება:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 114.4 მლნ დოლარი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7.9 მლნ დოლარი;
3. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 4.4 მლნ დოლარი;
4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3.5 მლნ დოლარი;
5. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი - 2.8 მლნ დოლარი;
6. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 2.7 მლნ დოლარი;
7. ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები - 2.1 მლნ დოლარი;
8. ავეჯი დასაჯდომი და მათი ნაწილები - 2.1 მლნ დოლარი;
9. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 1.9 მლნ დოლარი;
10. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის - 1.9 მლნ დოლარი;