მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ დენის შესყიდვა სომხეთიდან დაიწყო და უკვე რეკორდული მოცულობა შეიძინა

62389dc89b61c
BM.GE
21.03.22 20:20
24653
საქართველომ დენის შესყიდვისთვის ახალი ბაზარი მოძებნა, 2022 წლის იანვრიდან ქვეყანამ სომხური ელექტროენერგიის შესყიდვა დაიწყო. საქართველოს “ენერგობალანსის” დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში სომხეთიდან შესყიდულია 136 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია.

2022 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ საკუთარი მოხმარებისთვის 251 მილიონი კილოვატ საათის ელექტროენერგია შეიძინა, შესაბამისად იმპორტის თითქმის ნახევარი - 45% სომხეთიდან მომდინარეობდა.

ესკოს მონაცემებით, არც 2021; 2020 და 2019-ში საქართველოს სომხეთიდან მთელი წლის განმავლობაში არცერთი მილიონი კილოვატ საათის დენი არ უყიდია. სრული 2018 წლის განმავლობაში სომხეთიდან შესყიდული იყო 8 მლნ კილოვატ საათი; 2017 წელს 127 მლნ კილოვატ საათი; 2016 წელს 0; 2015 წელს 86 მლნ კილოვატ საათი; 2014 წელს 2 მლნ კილოვატ საათი; 2013 წელს 0 და 2012 წელსაც 0.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფასად ყიდულობს საქართველო სომხეთიდან ელექტროენერგიას. სახელმწიფო კომპანია “ესკოს” განმარტებით, ყოველთვის ელექტროენერგიის შესყიდვის დროს სახელმწიფო შედარებით უფრო იაფ ენერგიას ანიჭებს უპირატესობას.

2022 წელს საქართველოს მიერ შესყიდული 303 მილონი კილოვატ საათი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

● სომხეთიდან - 136 მლნ კილოვატ საათი, მატება წინა წელთან ∞;
● აზერბაიჯანიდან - 114.8 მლნ კილოვატ საათი, კლება წინა წელთან 62%;
● რუსეთიდან (გარდა აფხაზეთისთვის მიწოდებული დენისა) - 52 მლნ კილოვატ საათი;
● თურქეთიდან - 0 მლნ კილოვატ საათი, (2021 წელს 7.5 მლნ კვტ სთ.)

მთლიანობაში წელს საქართველოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წელთან შედარებით 19%-ით არის შემცირებული. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი სადგური “ენგურჰესი” მუშაობს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ჰესი გაჩერებული იყო, ამიტომაც ქვეყანა უფრო მეტ დენს ყიდულობდა.

2022 წლის იანვარ-თებერვალში დენის მოხმარებამ საქართველოში 2.57 ტერავატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.

გაზრდილია ელექტროენერგიის იმპორტი აფხაზეთში. აფხაზეთის ენერგომომარაგება ორი წყაროს მეშვეობით ხდება, პირველია ენგურჰესის მიერ გამომუშავებული “უფასო დენი”, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი საქართველოდან იღებს, მეორე კი რუსეთის სუბსიდიით შესყიდული დენია. 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში აფხაზეთისთვის განკუთვნილი 461 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. მთლიანობაში აფხაზეთის ენერგომოხმარებამ წელს 659 მლნ კილოვატ საათი შეადგინა. შესაბამისად, რეგიონის ენერგომოხმარების ⅔ რუსული სუბსიდირებული დენი იყო.

ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის ელექტროენერგიი საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა. მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დენის იმპორტის მნიშვნელოვან მატებას მოელის.

ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი 2022 წელს 19%-ით გაიზრდება და 2.38 ტერავატ საათს მიაღწევს.