მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ კორუფციის პრევენციისთვის GRECO-ს 16 რეკომენდაციიდან 7 შეასრულა - ევროპის საბჭო

6076da2a3470c
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.21 16:21
799
ევროპის საბჭო ავრცელებს მის შემადგენლობაში არსებული ანტიკორუფციული სააგენტოს GRECO-ს დასკვნას საქართველოს მიერ კორუფციის შემცირების შესახებ მიღწეული პროგრესის შესახებ. ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველომ შეასრულა GRECO-ს რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი. ევროპული სააგენტო მათი 16 რეკომენდაციიდან მხოლოდ 7-ს მიიჩნევს სრულფასოვნად შესრულებულად, დანარჩენი რეკომენდაციები კი ან ნაწილობრივი შესრულების ფაზაშია ან ჯერ არ შესრულებულა. 

რეკომენდაციები საქართველოში დეპუტატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის შემცირებას ეხება. ეს რეკომენდაციები GRECO-მ საქართველოს მიმართ 2016 წელს გასცა.

ანგარიშის თანახმად, ანტიკორუფციული უწყების მიერ გამოცემული რეკომენდაციების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ასეთია:

● 7 რეკომენდაცია შესრულებულია დამაკმაყოფილებელი შედეგით;
● 7 რეკომენდაცია მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა;
● 2 რეკომენდაციის დანერგვა კი, ჯერჯერობით, არ მომხდარა.

ორი შეუსრულებელი რეკომენდაციიდან ერთი ეხება ქონებრივი დეკლარაციის მოქმედების არეალის გაფართოებას ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის შესაბამისად, რათა ის ყველა პროკურორს შეეხოს. მეორე რეკომენდაცია  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოსამართლეთა იმუნიტეტი მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობამდე შეიზღუდოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დეპუტატებს შორის კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა რეკომენდაციები, რომლებიც საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის ზრდას ეხებოდა, მათ შორის, მიიღო ქცევის კოდექსი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ანტიკორუფციულმა ორგანომ განაცხადა, რომ საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა რეკომენდაციები მოსამართლეთა სამსახურში აყვანისა და დაწინაურების სისტემის რეფორმირებისთვის, განაახლა „სასამართლო სისტემის ეთიკის ნორმები“ და მიიღო ზომები მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინალური წარმოების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის გასაზრდელად. ამასთან, საქართველომ ნაწილობრივ მიიღო ზომები, რომლებიც პროკურორებთან მიმართებით დისციპლინალური რეჟიმის გადახედვას ითვალისწინებდა.