მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბელგიიდან და აშშ-დან საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები მეორედ სტუმრობენ

5f7c733abfdaf
ინგა მურუსიძე
06.10.20 17:50
1026
სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს  ბელგიიდან და აშშ-დან წარმატებული საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები უკვე მეორედ სტუმრობენ. 

დღეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია საქართველოზე, როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მომგებიან ქვეყანაზე. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან რამდენიმე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და გაიგონ მეტი, წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც წარმომადგენლები ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების - Location Perspectives-ი და AngelouEconomics-ი. მათ საერთაშორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

„სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია და სააგენტო ინტერესდება საქართველოთი, როგორც მრავალფეროვანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდი „დაუღალავად შრომობს საქართველოს მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე წარმოსაჩენად და შედეგად მეტი ინვესტიციის მოსაზიდად“.

"ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს", - აცხადებენ სააგენტოში.