მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 20 მოქალაქე გერმანიაში დროებით სამუშაოებზე აპრილის ბოლომდე გაემგზავრება

60755be37e1d9
ინგა მურუსიძე
13.04.21 13:42
969
საქართველოს 20 მოქალაქე გერმანიაში დროებით სამუშაოებზე აპრილის ბოლომდე გაემგზავრება. როგორც bm.ge-ს დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად გამგზავრებამდე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის დოკუმენტაციის მომზადება. მათივე ცნობით, პირველი ოცეული მიმდინარე თვეში გაემგზავრება.

რაც შეეხება მომდევნო ნაკადს, როგორც სააგენტოში განმარტავენ, კონკრეტული გრაფიკი შედგენილი არ არის და ჯგუფების დაკომპლექტება მოხდება მაშინ, როცა გერმანიიდან თანხმობა ჩამოვა და სამუშაოს მაძიებლებისგან საბოლოო დასტური იქნება.

13 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში დასაქმების მიზნით სპეციალურ პორტალზე 98 078 მოქალაქეა დარეგისტრირებული, ხოლო დასაქმებას მათგან მხოლოდ 5000 შეძლებს. საქართველოსთვის სწორედ ამდენი კვოტაა გამოყოფილი.

შეგახსენებთ, დროებითი სეზონური დასაქმების პროგრამა საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.

სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევთ, სამუშაოს ხანგრძლივობა კი დღეში 8-10 საათია. არსებული ინფორმაციით, მათთვის მინიმალური ხელფასი საათში 9.5 ევროთი განისაზღვრება.

დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება.