მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში TOP-3 პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორეა

5eef1b7968ab6
თელარა გელანტია
21.06.20 13:55
1464
2020 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ექსპორტზე მილიარდ 235 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რაც 16.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივ ექსპორტს, რომელიც მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა, მისი წილი მთლიანი ექსპორტის 72.3%-ია და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით 894 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 258.1 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73 მლნ აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მხრივ, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია ჩინეთი, სადაც ექსპორტმა 162.9 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე ადგილზეა რუსეთი, სადაც იანვარ-მაისში 141.9 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. სამეულს ბულგარეთი ხურავს 136.6 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური და მტკნარი წყლები გადის. ჩინეთში კი, ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ძვირფასი ლითონის მადნები და ღვინოა.

ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1% შეადგინა.

ცნობისთვის: 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 235.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (16.2%-ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს (17%-ით ნაკლებია).