მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 85%-იანი კლებაა

607559fed5570
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 13:02
727
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 105 279 მგზავრს მოემსახურა, რაც 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით 85.20%-ით ნაკლებია.

საქართველოს აეროპორტების დატვირთვის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან სააგენტო AviaNews-მა გამოითხვა.

2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის აეროპორტები სულ - 711 536 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 016 096 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-მარტის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 89,64%-იან კლებას აჩვენებს.

სააგენტოს ცნობით, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმის ფაქტობრივი გაჩერება საჰაერო მიმოსვლაზე პირდაპირპროპორციულად აისახა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

სახელმწიფო უწყების მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 100 094 მგზავრს მოემსახურა, რაც 2020 წლის I კვარტალის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით 79.11%-ით ნაკლებია. 2020 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 479 120 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 804 671 მგზავრს მოემსახურა. აქედან გამომდინარე 2021 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 87.56%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მიმდინარე წლის 3 თვეში აეროპორტმა 3 946 მგზავრი გაატარა, რაც 2020 წლის მონაცემებზე 91.70%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 92.40%-ით ნაკლებია. 2020 წლის 3 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47 553 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 3 თვეში 51 900 მგზავრს მოემსახურა.

ქვეყანაში მოქმედი მესამე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თითქმის 100%-იანი კლებაა. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის 3 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადი 99.82%-ით, 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით კი 99.79%-ით შემცირდა. 2021 წლის I კვარტალში აეროპორტი 327 მგზავრს, 2020 წლის – 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის I კვარტალში 156 784 მგზავრს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 79.36%-იანი კლებაა (346 მგზავრი), ამბროლაურის აეროპორტში - 41.80%-იანი კლება (110 მგზავრი), ხოლო ნატახტარის აეროდრომში 70.49%-იანი კლება (456 მგზავრი) დაფიქსირდა.