06.იანვარი .2020 12:55

საქართველოს აეროპორტებში თვითმფრინავის და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება

views 260
უკან

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში გააჟღერა და საავიაციო უშიშროების მოსაკრებლის ზრდის შესახებ ინფორაცია ავიაბიზნესს სპეციალურ შეხვედრაზე მიაწოდა.

გადაწყვეტილება და შესაბამისად ტარიფის ზრდა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა და AviaNews-ის ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითო გატარებულ მგზავრზე ნაცვლად 3.7 ევროსა, 6,2 ევროდ განისაზღვრება

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გატარებულ საერთაშორისო მგზავრს გადასახადი 2.5 დოლარით უძვირდება და 1-ელი თებერვლიდან 5.5 დოლარი იქნება. ასევე 1 დოლარიანი ზრდა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და თითო გატარებულ მგზავრზე გადასახადის ოდენობა 4 დოლარით განისაზღვრება.

გადასახადის მოცულობის ზრდას შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელების აუცილებლობით ხსნიან.

“საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნები ყოველწლიურად იცვლება და მკაცრდება. იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ამ მიმართულებით პასუხობდეს ყველა არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ რეგულაციებს (ICAO, ECAC, ეროვნული შიდა რეგულაციები) საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელდეს, ვიდრე წინა წლებში იყო. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა დაკავშირებულია მასშტაბურ ფინანსურ ხარჯებთან, ამჟამად მოქმედი საავიაციო უშიშროების სერვისების ტარიფები ვერ პასუხობს არსებულ რეალობას და მოითხოვს კორექტირებას.
აღსანიშნავია, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიმართულებით ფასების ზრდა არასოდეს მომხდარა. არსებული დოკუმენტებით თბილისის აეროპორტში გასაწევი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მომსახურების ტარიფები პირველად განსაზღვრულია 2007 წლის 11 დეკემბერს. 12 წლის შემდეგ პირველად მოხდება ტარიფების გადახედვა. გაზრდილი ტარიფები ამოქმედდება 1-ელი თებერვლიდან”, - განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

avianews.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა