მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ავიაინდუსტრიაში კადრების დეფიციტია” - AK Air Georgia

62dbc61bd8283
თათია კაკიაშვილი
23.07.22 15:10
2846
“საქართველოს ავიაინდუსტრიაში კადრების დეფიციტის პრობლემა არის, მით უმეტეს, იმ ტიპის ხომალდებზე, რომლითაც AK Air Georgia ოპერირებს,” - ამის შესახებ ავიაკომპანიის ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა BMG DRIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია E-410-ის და კომპანია Embraer-ის წარმოებული საჰაერო ხომალდების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზე.

"საბჭოთა ეპოქის შემდეგ, E-410-ის საჰაერო ხომალდი საქართველოში არ ყოფილა და 2014 წელს ჩვენ შემოვიყვანეთ. “ემბრაერებიც” 1990-იან წლებში იყო და მათ შემდეგ ოპერირება შეწყვიტეს... ჩვენ 1998 წელს შემოვიყვანეთ. ამ ტიპის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დეფიციტის შესავსებად, ვიყენებთ უკრაინელ ავიაინჟინრებს, რომელთაც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია აქვთ; ასევე ხომალის და ძრავების მწარმოებლებს. უკვე 4 წელია, ისინი აქ არიან, საქართველოში და გადასახადებს იხდიან. ამ ეტაპზე ხუთი უკრაინელი ინჟინერი გვყავს. “ემბრაერის" ტიპის თვითმფრინავებს სრულად ქართველები მართავენ. ისინი ევროპაში გავგზავნეთ, სადაც მოკლე კურსი გაიარეს, რადგან თავად სპეციალისტები იყვნენ და მხოლოდ კონკრეტულ ტიპის ხომალდის მართვის მიმართულებით გადამზადდნენ", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროპული რეგულაციების თვალსაზრისით, ინდუსტრიას ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

“საავიაციო უნივერსიტეტი ზოგადი კვალიფიკაციის ტექნიკოსებსაც და პილოტებსაც უშვებს, შემდეგ საჭიროა დრო... ავიაციის სფეროში დასაქმებულმა ყოველ წელს საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩააბაროს და ა.შ.  შესაბამისად, მივდვართ იქამდე, რომ პროფესიული პირველადი განათლებაც თავიდან უნდა იქნას შესწავლილი,” - ამბობს ირინა მღებრიშვილი.