მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებს ახალი კვლევა სჭირდება, ამას ვითხოვთ 15 წელია” - ალავერდაშვილი

63ce8a18c8bc9
ანუკა ჯოხაძე
23.01.23 21:16
728
საქართველოში 10 ტურისტული ლოკაციის განვითარებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 200 მლნ ლარია გათვალისწინებული. კურორტების განვითარების ახალი პროგრამის განხორციელების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადებების გაკეთება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, ცოტა ხანში ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ი კურორტების განვითარების სააგენტოც გაჩნდა. რომელ კურორტებზე გაკეთდება აქცენტი და კონკრეტულად რა სახის განახლებაზეა საუბარი, ამაზე მთავრობაში ჯერ კიდევ არ საუბრობენ. პრემიერმა კურორტების განვითარების პროგრამის საზოგადოებისთვის წარდგენა მიმდინარე წელს დააანონსა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პოტენციალი ამ კუთხით კვლევით უნდა დადასტურდეს. მისი თქმით, ეს კვლევა საერთაშორისოდ აღიარებულმა ინსტიტუტმა უნდა ჩაატაროს, რადგან ჩვენთან ჩატარებულ კვლევებს ინვესტორები არ ენდობიან.

ალავერდაშვილის თქმით, ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და მას მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა შეუძლია.

“15 წელია ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ოქრო და ბრილიანტი არის ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარება, რაც გვაძლევს ყველაზე მაღალშემოსავლიან და გრძელვადიან ტურისტს. ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლიმატური პირობები გვაქვს, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ.

2011 წლიდან ვსაუბრობთ, რომ უნდა ჩატარებულიყო ახალი კვლევა, იმის შესახებ თუ რეალურად რა გვაქვს. ეს უნდა იყოს 3-4 წლიანი კვლევა, რომელიც თავისთავში მოიცავს პოტენციურ პაციენტებზე დაკვირვებასაც. ეს კვლევა უნდა გააკეთოს საერთაშორისოდ აღიარებულმა ინსტიტუტმა. ჩვენი კვლევების არ სჯერა არავის, ეს უნდა გააკეთოს ისეთმა ინსტიტუტმა ვისიც ევროპას სჯერა.

ამ კვლევის შემდეგ ძალიან მარტივი იქნება როგორც ტურისტების ასევე ინვესტორების ქვეყანაში შემოყვანა. ჩვენთან 4 წლიანი პროექტი არაპიარულია და ეს პროცესის შემაბრკოლებელია,”- აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი.