მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია

62e7daaa8e193
გიორგი ისაკაძე, შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 19:33
1297
ბიუჯეტის დეფიციტი ანუ სხვაობა სახელმწიფოს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური პარამეტრია, რომლითაც ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის სიმყარე ფასდება. რაც უფრო მაღალია დეფიციტი, მით უფრო დიდი წილი უჭირავს სახელმწიფოს მიერ ნასესხებ თანხებს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაში, შესაბამისად მით უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება საშინაო თუ საგარეო ვალებზე.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით, ფისკალური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტის დონემ 3%-ს არ გადააჭარბოს. აღნიშნული % IFI-ების რეკომენდაციების გარდა, ბიუჯეტის დაგეგმვის და მართვის ერთგვარ „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს.

პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი სწორედ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ იყო და 2019 წელს 2.1%-ს შეადგენდა. 2020-ში კი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტიც გაიზარდა. პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობამ $2 მილიარდამდე საგარეო ვალი აიღო, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია. სწორედ ამ სესხების შედეგად, მთავრობამ პანდემიის დროს მილიარდობით ლარის სოციალური დახმარება და სუბსიდია გასცა. თუმცა, დეფიციტის რეკორდული ზრდის გამო, სახელმწიფომ დადო პირობა, რომ მომდევნო 3 წლის ვადაში მის დონეს 3%-მდე შეამცირებდა. 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 6.7%-მდე შემცირდა, 2022 წლის ბიუჯეტი კი 4.4%-ის დეფიციტზე დაიგეგმა.

წელს ქვეყანაში იმაზე გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ვიდრე თავიდან იყო პროგნოზირებული. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და მისი მიხედვით, წელს მშპ-ის ზომა 64.8 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2022 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე დიდი აღმოჩნდა და 10.5% შეადგინა. BMG ამის თაობაზე პროგნოზს ჯერ კიდევ მარტის მიწურულს აკეთებდა, ჩვენი პროგნოზები ეკონომიკური ზრდის შესახებ გაამყარა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებმაც.

გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, მომატებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. 2022 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის შემოსავლები 7.37 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ 7.68 მილიარდი ლარი შეადგინა. სხვა შემოსავლები რაც 460 მილიონ ლარზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივად 682 მილიონ ლარს შეადგენდა, ასევე მოსალოდნელზე დიდი აღმოჩნდა ბიუჯეტის გრანტების მოცულობაც 170 მილიონის ნაცვლად 227 მილიონი ლარი.

სხვა შემოსავლების მატების ფონზე, მთავრობამ ვალების აღება შეამცირა, კერძოდ დაგეგმილი 1.31 მილიარდის ნაცვლად წლის პირველ ნახევარში ფაქტობრივად აღებულია 1.22 მილიარდის ახალი ვალი.

ამ ფაქტობრების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. წლის პირველ ნახევარში დაგეგმილი იყო 916.7 მილიონის საბიუჯეტო დეფიციტი, თუმცა ფაქტობრივად დეფიციტის დონემ 374 მილიონი ლარი შეადგინა. ეს დაგეგმილთან შედარებით 2.45-ჯერ ნაკლებია.

2022 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 2.61 მილიარდი ლარის დეფიციტზე იყო დაგეგმილი (საპროგნოზო მშპ-ის 4.4%), თუმცა სავარაუდოდ რეალური დეფიციტი ამაზე რამდენჯერმე უფრო მცირე იქნება.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სექტემბერში ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტს წარადგენს, რაც ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლებით იქნება განპირობებული. შესაბამისად, განახლებული დეფიციტის ზუსტი მოცულობა რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

დეფიციტთან ერთად გადახედვას დაექვემდებარება ის პარამეტრიც, რასთანაც მისი შეფარდება ითვლება, საუბარია თავად მშპ-ის ზომაზე. თუკი თავდაპირველი პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მშპ 6%-იანი ზრდით 64.8 მილიარდის ზომას მიაღწევდა, ახალი პროგნოზით ნავარაუდევია, რომ ის მიმდინარე ფასებში 69.6 მილიარდ ლარს მიაღწევს (BDD დოკუმენტი).

ჯერჯერობით უცნობია რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა და ბიუჯეტის კორექტირებისას გაზრდის თუ არა მის ხარჯებს. ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზომა 19 მლრდ170 მლნ ლარია. უცნობია რამდენად შეიძლება გაიზარდოს ხარჯების მოცულობა და რა პარამეტრით შეცვლის ხარჯების ზრდა ბიუჯეტის ფაქტობრივ დეფიციტს. შესაძლოა, წლის ბოლოს რეკორდული 20 მლრდ ბიუჯეტიც ვიხილოთ, რაც დამოკიდებულია ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტემპის და საგადასახადო შემოსავლების დინამიკაზე.