25.ნოემბერი .2021 15:35

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რიგით 114-ე სესიის საქართველოში ჩატარებას ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რიგით 114-ე სესიის საქართველოში ჩატარებას ეხმიანება
views 158
უკან

სხდომაზე, რომელიც მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. აღსანიშნავია, რომ ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოში, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგისა“, პერსონალურად გიორგი სვანიძის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, „პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა“.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, ამავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და საქართველოში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ „საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად“. მისი თქმით, „თბილისში იმყოფებიან ევროპელები, ბრიტანელები, საუდის არაბეთიდან, რომლებსაც ზეთისხილის სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება, რაც მეტად სასიხარულოა“.

„მივესალმებით წევრი კომპანია „სვანიძე ჰოლდინგის“ და პერსონალურად გიორგი სვანიძის წარმატებას, ვინაიდან მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი წევრი კომპანიის განვითარებისა და წინსვლისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის. მოხარულნი ვართ, რომ ქვეყანაში იმყოფებიან ინვესტორები ამ დარგში მოწინავე ქვეყნებიდან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი იქნება, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე შექმნის ახალ დასაქმების ადგილებსა და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ზეთისხილის აგრიკულტურის განვითარებას საქართველოში “ - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.