მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ენერგოეფექტიანობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტები განიხილა

5df37e1d682f5
BM.GE
13.12.19 16:00
779
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა შენობების ენერგოეფექტიანობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტები განიხილეს.

კანონპროექტები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების შესასრულებლადაა შემუშავებული, მთელი რიგი ახალი რეგულაციების და ვალდბეულებების შემოღებას ითვალისწინებს, მათ შორის შენობებში ენერგო-დამზოგი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას, ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, ცალკეული ტიპის საწარმოებში ენერგოაუდიტის და მენეჯმენტის სტანდარტების დანერგვას, მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში შენობების ენერგოეფექტურობის სავალდებულო ნორმების და ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების პროცესის შემოღებას და სხვა.

შეხვედრას, ასოციაციის წევრ კომპანიებთან ერთად, ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა კანონპროექტების არსზე და მათ მოსალოდნელ შედეგებზე.

"ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ შესაბამისი რეგულაციების ამოქმედებამდე საჭიროა შეფასდეს ის ფინანსური გავლენა, რასაც დაგეგმილი რეფორმა მოახდენს ბიზნესსა და მომხმარებელზე. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესმა წინასწარ იცოდეს იმ ტექნიკური პარამეტრების შესახებ, რაც კანონის მოთხოვნის შესაბამისად მომავალში განისაზღვრება ენერგოეფექტიანობის ნორმებად", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ჩაერთვება კანონპროექტების განხილვის პროცესში.