მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკლესია ვაქცინაციაზე პოზიციას აფიქსირებს

6026c453d4334
ელენე გოგბერაშვილი
12.02.21 22:01
1424
მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი კოვიდ-ვაქცინაცია იყო.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული 11 თებერვლის განჩინების მიხედვით, ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, თუმცა ამასთან ეკლესია პასუხისმგებლობას არ იღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან მიაჩნია, რომ ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

"ეკლესია მიესალმება იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.
ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდგ საკითხებს:

ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?
როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?
არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა"-ნათქვამია სინოდის განჩინებაში.