მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ეკონომიკურ ფონს აქტივების 30% ქმნის, 70% კი - მიძინებულია“ - ირაკლი მაკალათია

6470b6834eee6
სალომე ხიდურელი
26.05.23 17:37
671
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას BMGTV-ს გადაცემა „საქმის კურსში“ ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია აჯამებს. მისი შეფასებით, ქვეყანა თავის ეკონომიკურ პოტენციალს სათანადოდ ვერ იყენებს.

„ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, თუნდაც 90-იან წლებს, ცხადია, პროგრესი გვაქვს და ეს პროგრესი გარდაუვალი იქნებოდა, როცა ქვეყანა ვითარდება. მთავარი ისაა, რა პოტენციალი გვაქვს და მის რა ნაწილს ვიყენებთ. 1996 წლის მონაცემები რომ ავიღოთ, მშპ ნომინალში 4 მილიარდამდე იყო, დღეს უკვე 15-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა ასეთი რიცხვების შედარება არ გამოვა, რადგან არ იქნება დინამიკურ ჭრილში შესადარისი. პროგრესი არის, თუმცა იმ პოტენციალს, რაც გვაქვს, ჯეროვნად ვერ ვიყენებთ“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

მისი თქმით, ნომერ პირველი ეკონომიკური პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს კერძო საკუთრება. როდესაც ხარ მესაკუთრე, გაქვს ქონება, შენ ახერხებ, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღო, ბიზნესი ააწყო ან ინვესტორი შემოიყვანო, მოკლედ, ფინანსური უზრუნველყოფა მოახდინო.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე უნდა გადავსულიყავით, რაც ვერ მოვახერხეთ. მაშინ ყველაფერი 100%-ით იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ახლა მთლიანი ეკონომიკური აქტივების, დაახლოებით, 70% სახელმწიფოს საკუთრებაშია, 30 წელზე მეტი დაგვჭირდა იმისთვის, რომ 30% კერძო საკუთრებაში გადმოსულიყო და რა ეკონომიკური მაჩვენებელიც გვაქვს, ამ ფონს სწორედ ეს 30% ქმნის, 70% კი მიძინებულია და შეჩერებული. ის აქტივები, რომლებიც ბიზნესში უნდა იყოს ჩართული სახელმწიფო საკუთრებაშია“, - ამბობს ირაკლი მაკალათია.

ეკონომისტის განმარტებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ქვეყანას საექსპორტო ჩამონათვალის გამრავალფეროვნებასა და რუსული ბაზრის დივერსიფიკაციაში დაეხმარება.

„რომ გადავხედოთ იმ დოკუმენტებს, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან, დიდი ბაზრები გაქვს, რომლებზეც თითქოს გახსნილი გვაქვს კარი მაგრამ მაინც ვერ შევდივართ, რადგან იმ ხარისხს ვერ ვაკმაყოფილებთ და ჩვენი საექსპორტო სასაქონლო სტრუქტურა რომ ჩავშალოთ, მუდმივად ერთი და იგივე ჩამონათვალი გვაქვს: ფერო შენადნობი, სპილენძი, წყალი და ღვინო...

ამ ჩამონათვალს ვერ გავცდით იმიტომ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს, რაც გეხმარება დააკმაყოფილო ხარისხი და გაიტანო ევროპის ბაზარზე. როცა ეს არ გვაქვს, ერთადერთი ბაზარი გვაქვს გახსნილი - რუსეთი, რომელზეც ხარისხის კონტროლი არ არის და ვადგავართ ძველ გზას. არც ერთ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება კარგი არ არის და განსაკუთრებით რუსეთზე“, - ამბობს ირაკლი მაკალათია.