მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ელექტროსისტემა“ 800 მლნ ევროს ღირებულების პროექტების განხორციელებას აანონსებს

62f7ca45b8d51
ნინო ტაბატაძე
13.08.22 19:55
3325
„საქართველოს ელექტროსისტემა“ 2022 – 2032 წლებში 800 მლნ ევროს ღირებულების პროექტების განხორციელებას გეგმავს.

კომპანიის განახლებული 10 წლიანი გეგმა 17 მასშტაბურ პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 800 321 226 ევროა.

საინვესტიციო პროექტებს შორისაა, კონდენსატორთა ბატარეების მოწყობა აღმოსავლეთ საქართველოს 220 კვ. ძაბვის ქვესადგურებში. 100 მგვარ რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი მოწყობილობების პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება 2023-24 წლებში იგეგმება. 2028 წლამდე კი, ჯამში, 600 მგვარ რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი მოწყობილობები უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ საქართველოს 220 კვ. ძაბვის ქვესადგურებში. ამ პროექტის სავარაუდო, საინვესტიციო ბიუჯეტი 12 მლნ ევროა.

ელექტროსისტემა მიუთითებს, რომ რეკორდული სიცხეების გამო, ზაფხულში ფიქსირდება სარეკორდო პიკური მოხმარებები, რასაც თბილისის რეგიონში თან ახლავს ძაბვების მნიშვნელოვანი შემცირება. აღნიშნული კიდევ უფრო კრიტიკულად იქნება გამოხატული შემდეგ წლებში, რის საპასუხო ნაბიჯიც მაკომპენსირებელი დანადგარებია.

„ენერგოსისტემის მდგრადობის და ელექტროენერგიის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილია რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი დანადგარების ინტეგრაცია თბილისის და მის მიმდებარე ქვესადგურებში, რაც აღმოფხვრის ძაბვის შემცირების პრობლემებს“, - ნათქვამია კომპანიის განვითარების 10 წლიან გეგმაში.

ისევე როგორც სხვა პროექტების, ამ პროექტის განხორციელების ვადაც შეცვლილია. წინა, 2021-31 წლების განვითარების გეგმა მსგავსი მოწყობილობების დამონტაჟებას 2021-26 წლებში მოიაზრებდა.

განახლებულ 10 წლიან გეგმაში სამომავლო პროექტებს შორისაა: ახალციხე-თორთუმის ელქტროგადამცდემი ხაზის მშენებლობის, ქვესადგური „ახალციხის“ გაფართოების და მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობის 176.7 მილიონ ევროს ღირებულების პროექტი, ასევე სვანეთსა და რაჭაში ახალი ჰესების მშენებლობის შემთხვევაში საჭირო ინფრქსტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; ჯვარი-წყალტუბო- ახალციხის ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/გაფართოებითვის 104.4 მლნ ევროს ღირებულების პროექტი და კახეთის ინფრასტრუქტურული გაძლიერების 64.6 მილიონიანი პროექტები.