22.იანვარი .2020 22:35

საქართველოს ენერგოპოტენციალის დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას

views 296
უკან

საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრის მაიკლ სენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ასევე - ქვეყნის მოწინავე პოზიციებს ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

მთავრობის მეთაურმა Siemens Energy-ის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

“საქართველოს მეტად სტრატეგიული ადგილმდებარეობა გააჩნია რეგიონში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყნის ელექტრიფიკაციის რუკის შექმნა ისე, რომ მან სრულყოფილად მოიცვას ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტები. ყველაფერი პირველი ნაბიჯიდან იწყება და ბუნებრივია „სიმენსს“ სურს ამ მიმართულებით იყოს ქვეყნის პარტნიორი ამ ძალისხმევებისა და ინიციატივების კონტექსტში”,- აღნიშნა Siemens Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სენმა.

გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens AG-ის ძირითადი მიმართულებებია ინდუსტრია, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 27 მილიარდი ევროა, დასაქმებული ჰყავს 88 ათასი ადამიანი.