16.სექტემბერი .2020 11:15

საქართველოს ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა - გახარია

views 356
უკან

ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გახარიას თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება.

„დღესდღეობით, ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო, მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა, საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით, საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან იმ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტურიზმის კუთხით აქვს. პრემიერის თქმით, მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 9,4 მლნ ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა.

„აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, ასევე, ტურიზმის სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას აქტიური კამპანიების განხორციელებით და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ხელშეწყობაზე, ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს და ხელს ვუწყობთ ახალი პირდაპირი ფრენების გამართვას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში და ტურისტული ქსელის განვითარებას“, - თქვა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო, არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

„საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გაჩნდება. ჩვენ ტურიზმის სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამებით, შეღავათებით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებებით თუ სხვა ინსტრუმენტებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა